ფინანსთა სამინისტროსთან საპროტესტო აქცია იმართება

ფინანსთა სამინისტროსთან საპროტესტო აქცია იმართება

ფინანსთა სამინისტროსთან რამდენიმე ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები აქციას მართავენ. 

როგორც ”ინტერპრესნიუსის” კორესპონდეტი იუწყება, აქცია მიმდინარეობს სახელწოდებით - "შემოულაწუნე". აქციას "თავისუფალი საქართველოს" "რეფორმატორებისა" და "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერები მართავენ. ისინი ფინანსთა სამინისტროს შენობასთან დროშებით და პლაკატით მივიდნენ. პლაკატებზე გამოსახულია ერთლარიანი კუპიურა, ნოდარი ხადურის თავით. 
როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას "თავისუფალი საქართველოს" ლიდერმა კახა კუკავამ განაცხადა, ხელისუფლებას სურს იგივე საქართველოში, რაც საბერძნეთში ხდება და ამას არ დაუშვებენ. 
"თავისუფალი საქართველოს" წევრის ალეკო შალამბერიძის განცხადებით, აქციის სახელწოდებაა "შემოულაწუნე", რათა ხელისუფლება გონს მოვიდეს და განახორციელოს ისეთი რეფორმები, რომელიც ლარის სტაბილურობას უზრუნველყოფს. 

აქციაზე ითხოვენ ჯერ ფინანსთა მინისტრის, შემდეგ კი მთელი მთავრობის გადადგომას. აქციის ერთ-ერთი მონაწილის, ასევე "თავისუფალი საქართველოს" წარმომადგენლის, ბეჟან გუნავას განცხადებით, ისინი არ დაუშვებენ, საქართველოს ხელისუფლებამ აიღოს კიდევ ერთი სესხი, რაც ქვეყანას დააზარალებს. მან მიმართა ყოფილ პრემიერ-მინისტრს ბიძინა ივანიშვილს, ქართულ სახელმწიფოს ასესხოს დაპირებული თანხა და ამით გაამყაროს ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობა. 

"რეფორმატორების" ლიდერის, ირაკლი ღლონტის განცხადებით, პირადად იგი არ აპირებს, დაუფინანსოს ფინანსთა მინისტრ ხადურს კომფორტული ცხოვრება.  კახა კუკავამ მოუწოდა მოსახლეობას, მივიდნენ გორგასლის ქუჩაზე, ფინანსთა სამინისტროს წინ და შეუერთდნენ აქციას.
ამასთან, აქციაზე იპოთეკით დაზარალებული რამდენიმე მოქალაქეც იმყოფება