პრაღის ფორმატში აბაშიძე-კარასინის მორიგი შეხვედრა დღეს გაიმართება

პრაღის ფორმატში აბაშიძე-კარასინის მორიგი შეხვედრა დღეს გაიმართება

ოთხთვიანი პაუზის შემდეგ დღეს პრაღის ფორმატში აბაშიძე-კარასინის მორიგი შეხვედრა გაიმართება. როგორც აბაშიძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, შეხვედრის მთავარი თემა 2011 წელს რუსეთსა და საქართველოს შორის გაფორმებული ხელშეკრულებაა, რომლის იმპლემენტაცია, რაც შეიძლება უნდა დაჩქარდეს.

"თუ ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ წავიდეთ ამ გზით, თუ რუსეთის მხრიდანაც იქნება სურვილი და მონდომება, მოვახერხებთ, რომ ახლო მომავალში დაიწყოს ამ ხელშეკრულების რეალიზაცია. ჩვენს ინტერესებშია, რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს საორგანიზაციო საკითხების მოგვარება, რათა ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები შვეიცარიაში შეხვდნენ, გააფორმონ კონტაქტები შვეიცარიულ კომპანიასთან, შეიქმნას ერთობლივი კომიტეტი და შემდგომ დაიწყოს ამ ხელშეკრულებამ მუშაობა. ამ საორგანიზაციო დეტალებზე, იმედი მაქვს, პრაღაში შევთანხმდებით", - აღნიშნა ზურაბ აბაშიძემ. 
კითხვაზე, თუ რატომ გადმოინაცვლა აღნიშნული საკითხის განხილვამ რუსეთისა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროების წარმომადგენლებს შორის შვეიცარიის შუამავლობით მიმდინარე მოლაპარაკებებიდან აბაშიძე-კარასინის დიალოგის ფორმატში, პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი პასუხობს, რომ "შვეიცარიელები დეტალურად არიან ინფორმირებულები და მხარს უჭერენ ასეთ მიდგომას".

"პრაღის შეხვედრას არ დაესწრებიან, თუმცა ჩვენი შვეიცარიელი კოლეგები საქმის კურსში არიან. მათთან კონტაქტი გვაქვს, ინფორმირებულები არიან იმის შესახებ, რომ ამ საორგანიზაციო მოსამზადებელ შეხვედრაზე პრაღაში საუბარი გვექნება. შემდგომ კი, თუ გაიმართა შვეიცარიაში შეხვედრა, ერთობლივი კომიტეტი გააგრძელებს მუშაობას და ეს აღანაირად არ იქნება პრაღაში ჩვენი განხილვის საკითხი. შვეიცარიელები ამის შესახებ დეტალურად არიან ინფორმირებულები და მხარს უჭერენ ასეთ მიდგომას", - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

რაც შეეხება იმას, თუ რატომ გაჭიანურდა შეთანხმების იმპლემენტაცია, ზურაბ აბაშიძის განმარტებით, დიდი დრო სჭირდებოდა საქართველოსა და რუსეთის მიერ შვეიცარიულ კომპანიასთან გასაფორმებელი კონტრაქტების მომზადებას.

"ჯერ ხელისუფლების ცვლილება ჩვენთან, სანამ ახალი გუნდი საქმის კურსში შევიდოდა... შემდგომ, ეს კონტრაქტი არამარტო ჩვენ მიერ მზადდებოდა, რუსეთის მხრიდანაც ჰქონდა გარკვეული ტემპი. მეტ-ნაკლებად ერთი ტემპით მივდიოდით. შვეიცარიელებიც კონტაქტზე იყვნენ და ცდილობდნენ, მაქსიმალურად ხელი შეეწყოთ ამ პროცესისთვის, მაგრამ მარტო ჩვენი მზაობა საკმარისი არ იყო. რუსეთსაც უნდა მოემზადებინა კონტრაქტი ხელმოსაწერად. მუშაობა დაასრულეს, მაგრამ რამდენად არიან მზად იმისთვის, რომ წინ წავიდეთ, ეს გამოჩნდება", - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
მისივე თქმით, საქართველოსა და რუსეთის მიერ შვეიცარიულ კომპანიასთან, რომელმაც ტვირთბრუნვის მონიტორინგი უნდა განახორციელოს, პრაქტიკულად იდენტური ხელშეკრულებები გაფორმდება.
2011 წლის 9 ნოემბერს ჟენევაში, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებასთან დაკავშირებით, შვეიცარიის კონფედერაციის შუამავლობით მიმდინარე მოლაპარაკებების ფარგლებში, საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის მთავრობებმა დოკუმენტების პაკეტს მოაწერეს ხელი. პირველი საბაჟო ადმინისტრირებისა და სასაქონლო ბრუნვის მონიტორინგის მექანიზმის ძირითადი პრინციპების შესახებ ორმხრივი შეთანხმებაა, მეორე - ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომელიც შვეიცარიის, როგორც ნეიტრალური მესამე მხარის როლს განამტკიცებს, მესამე _ სამივე მხარემ (საქართველო, რუსეთი და შვეიცარია) გაცვალეს დოკუმენტები იმ საერთაშორისოდ აღიარებული ნეიტრალური კერძო კომპანიის მოქმედების პირობების განსაზღვრის მიზნით, რომელსაც მონიტორინგის განხორციელების მანდატს შვეიცარიის მთავრობა მიანიჭებდა. 

საბაჟო ადმინისტრირებისა და სასაქონლო ბრუნვის მონიტორინგის მექანიზმი ელექტრონულ მონაცემთა გაცვლის სისტემას (EDES) და საერთშორისო ზედამხედველობის (IMS) სისტემას მოიცავს. ელექტრონულ მონაცემთა გაცვლის სისტემის საშუალებით ნეიტრალური კერძო კომპანია ტვირთის სავაჭრო დერეფნებში შესვლამდე რისკის მართვის უზრუნველყოფის მიზნით სასაქონლო დეკლარაციებიდან და ტვირთებზე წინასწარი ინფორმაციიდან შესაბამის მონაცემებს მოიპოვებს. ხელშემკვრელი მხარეები ნეიტრალურ კერძო კომპანიას სავაჭრო დერეფნებში შემავალი ან დერეფნებიდან გამავალი ყველა საქონლის შესახებ შემდეგ მონაცემთა ერთობლიობას წარუდგენენ. ელექტრონულ მონაცემთა გაცვლის სისტემაში ინფორმაცია ეროვნული საბაჟო სისტემის მიერ მისი დადასტურების შემდეგ იქნება შეტანილი. EDES-ის ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება შვეიცარიის მიერ დაქირავებული ნეიტრალური კერძო კომპანიისთვის.
ტვირთბრუნვის მონიტორინგის მიზნით შერჩეულ იქნა შვეიცარიული კომპანია SGS, რომელთანაც როგორც საქართველომ, ისე რუსეთმა ორმხრივი კონტრაქტები უნდა გააფორმონ. კომპანიამ მონიტორინგი უნდა განახორციელოს წინასწარ განსაზღვრულ სავაჭრო დერეფნებში, რომლებიც 2011 წლის შეთანხმებაში გეოგრაფიული კოორდინატებით არის გასაზღვრული. კოორდინატთა ბადეში რუსეთ-საქართველოს საზღვრის კვეთის სამი წერტილი - ფსოუ, როკი და ლარსი ექცევა. ვაჭრობის ადმინისტრირება და კონტროლი საბაჟო ტერმინალებში განხორციელდება, რომლებიც სავაჭრო დერეფნების გამოსასვლეში/შესასვლელში მდებარეობს.