„მიმაჩნია, რომ მთავრობის ეკონომიკურ გუნდს ამ ეტაპზე დრო უნდა მივცეთ“

„მიმაჩნია, რომ მთავრობის ეკონომიკურ გუნდს ამ ეტაპზე დრო უნდა მივცეთ“

პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ქვეყანაში შექმნილ ეკონომიკურ ვითარებასთან და სავალუტო კრიზისთან დაკავშირებით, პარლამენტის საგანგებო სესიის მოწვევას ჯერჯერობით ვერ ხედავს.

როგორც პრეზიდენტმა ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, ეკონომიკურ გუნდს დრო დაახლოებით 5 მარტამდე უნდა მიეცეს, რადგან 4 მარტს სავალუტო ფონდის მისია ასრულებს თავის მუშაობას სავალუტო სტაბილიზაციის მიმართულებით.

„მიმაჩნია, რომ ამ ეტაპზე დრო უნდა მივცეთ მთავრობის ეკონომიკურ გუნდს, რათა ძალიან კონკრეტულად წარმოუდგინონ საზოგადოებას თავიანთი ხედვა. ვფიქრობ, ეს არის 5 მარტის არეალში, რადგან სავალუტო ფონდის მისია მიდის 4 მარტს, რომელთანაც ეკონომიკური გუნდი ინტენსიურად მუშაობს და უახლოეს მომავალში, სავარაუდოდ, ქართულ საზოგადოებას წარმოუდგენენ გეგმას სავალუტო სტაბილიზაციის მიმართულებით მოკლე და საშუალო ვადიან ქმედებებზე. ამიტომ, მიმაჩნია, რომ ეკონომიკურ გუნდს უნდა მივცეთ დრო, რომ ეს მისია დასრულდეს“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრებმა პრეზიდენტთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ადმინისტრაცია უკომენტაროდ დატოვეს.

პრეზიდენტი ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრებს საკუთარი ინიციატივით შეხვდა ქვეყანაში არსებულ სავალუტო კრიზისთან დაკავშირებით.