პარლამენტში არსებული ინფორმაციით, ფრაქცია "ქართული ოცნება" კავკასიის საკითხთა და დიასპორებთან ურთიერთოების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე თემურ ჭკუასელის დასახელებაზე შეთანხმდა. როგორც ცნობილია, აღნიშნული თანამდებობა "ეროვნული ფორუმის" ლიდერს გუბაზ სანიკიძეს ეკავა, რომელიც გასულ კვირას პარლამენტის ვიცე-სპიკერი გახდა.
თავდაპირველად უმრავლესობის წევრები აღნიშნული პოსტის კვლავ "ეროვნული ფორუმისთვის" დატოვების და გუბაზ სანიკიძის შემცვლელად მისი მოადგილის, ფრაქცია "ქართული ოცნება-ეროვნული ფორუმის" წევრ შალვა კიკნაველიძის შესაძლო არჩევაზე საუბრობდნენ, თუმცა ბოლო ინფორმაციით, "ქართული ოცნება" ამ თანამდებობაზე თემურ ჭკუასელის დასახელებაზე შეთანხმდა.
რაც შეეხება იმ კომიტეტებს, რომელთა ხელმძღვანელობაზეც "თავისუფალმა დემოკრატებმა" უარი თქვეს, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის ხელმძღვანელად სავარაუდოდ, ზვიად კვაჭანტირაძეს წარადგენენ. პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო და გარემოს დაცვის კომიტეტებთან დაკავშირებით კი, საუბარია იმ დეპუტატებზე, რომლებიც აღნიშნული კომიტეტების თავმჯდომარეობის სურვილს თავად გამოხატავენ. კერძოდ, არსებული ინფორმაციით, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარეობა "ქართული ოცნების" წარმომადგენელს თამაზ მეჭიაურს სურს. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარეობის სურვილი კი, ნანა ყეინიშვილმა და დავით ლორთქიფანიძემ გამოხატეს.
პარლამენტის რეგლამენტის გათვალისწინებით, კომიტეტის თავმჯდომარის ასარჩევად სულ მცირე 76 წევრის მხარდაჭერაა საჭირო.
ამ თემაზე კონსულატაციები უმრავლესობის ფორმატში გაგრძელდება.