საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრებს ხვდება. გიორგი კვირიკაშვილსა და ნოდარ ხადურთან შეხვედრა ავლაბრის რეზიდენციაში მიმდინარეობს.
როგორც შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს ფინანსთა მინისტრმა განუცხადა, პრეზიდენტს ქვეყანაში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ მიაწვდიან ინფორმაციას.
"ჩვენ პრეზიდენტს ინფორმაცია მივაწვდით ქვეყანაში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ. ასევე იმ ღონისძიებების შესახებ, რომელსაც, ერთი მხრივ ეროვნული ბანკი, მეორე მხრივ კი საქართველოს მთავრობა ახორციელებენ. ჩვენ მუდმივად გვექნება ეროვნულ ბანკთან კომუნიკაცია, რომ პროცესი, რომელიც დღეს დაიწყო და დღეს იცით, რომ ლარის კურსის გამყარება შეიმჩნევა, გაგრძელდეს, ეროვნულმა ვალუტამ მიაღწიოს ახალ ნიშნულს, რომელიც გაცილებით დაბალი იქნება", - განაცხადა ნოდარ ხადურმა.
შეხვედრას ესწრებიან პრეზიდენტის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში გიორგი აბაშიშვილი, საპარლამენტო მდივანი გიორგი კვერენჩხილაძე და ადმინისტრაციის უფროსი დავით პატარაია.