ლარის კურსის ვარდნის ტემპები შემცირდა. ეროვნული ბანკის მონაცემებით, 26 თებერვლის ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებაში 0.0016 პუნქტით დაეცა და 2.2635 პუნქტი შეადგინა. მანამდე, ორი დღის განმავლობაში, კურსი დაახლოებით 7 და 3 პუნქტით დაეცა.
ევროსთან მიმართებაში ლარი 0.0102 პუნქტით გაუარესდა და 2.5675 პუნქტი შეადგინა.
ლარის კურსის ვარდნის ტემპების შემცირებას გარკვეულწილად შეუწყო ხელი ეროვნული ბანკის პრეზიდენტისა და საბანკო სექტორის წარმომადგენელთა შეხვედრაზე გაკეთებულმა განცხადებებმა და პანიკის ელემენტის მოხსნამ – ამის შესახებ საქართველოს ბანკების ასოციაციის პრეზიდენტმა ზურაბ გვასალიამ ლარის გამყარების მიზეზებზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ლარის მკვეთრი გაუფასურების მიუხედავად, საბანკო სექტორში პანიკა არ დაფიქსირებულა, რაც იმაში გამოიხატება რომ ბანკების კლიენტებს სესხის ლარში ან დეპოზიტების დოლარში გადატანის მოთხოვნით არ მიუმართავთ.
„საბანკო კლიენტებში პანიკა არ არის, ისინი რეალურად უდგებიან სიტუაციას, არ არის პანიკა. როგორც კი პანიკის ელემენტი ჩამოცილდება პროცესებს, კურსი დასტაბილურდება. მთავარია კურსი დასტაბილურდეს, რომ პროგნოზირებადი გახდეს. ახლა კი პროგნოზსაც ვერ აკეთებენ,“– აცხადებს გვასალია.
მისი თქმით, პანიკის მოხსნის ერთერთი ფაქტორი ისაა, რომ საბანკო სექტორმა დღეს ერთობლივი განცხადება გააკეთა და გამოხატა მზაობა, მოახდინოს ლავირება დოლარში გაცემულ კრედიტებთან დაკავშირებით, რაც გავლენას ახდენს ლარის გამყარებაზე.
„ტონის მიმცემი საბანკო სექტორია.მოსახლეობამ დაინახა, რომ ბანკებმა მობილიზება გააკეთეს და მათ პრობლემაზე მოახდინეს რეაგირება,“–აცხადებს გვასალია.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, გიორგი ქადაგიძის განცხადებით, არსებული მონაცემებით, ლარი უახლოეს მომავალში უნდა დასტაბილურდეს.