საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მოქმედი შენობაც მოხვდა.
როგორც ვიცე - პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა "ბიზნეს ასოციაციის" მიერ ორგანიზებული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, გასაყიდად გამოტანილი ობიექტებს ნუსხა დიდია.
"ეს არის ეროვნული ბანკის ყოფილი შენობა, ეკონომიკის სამინისტროს მოქმედი შენობა, სადაც არის საშუალება, რომ გამოიცვალოს ადგილი და აშენდეს სასტუმრო დანიშნულების ობიექტი. ეს არის ბობოყვათის რეზიდენცია, წყნეთის სამთავრობო აგარაკების ტერიტორია, თბოელექტროსადგური, ლატარიის კომპანია, რომლის ლიცენზიაზე გამოტანაც უახლოეს დღეებში იგეგმება და ა. შ.", - განაცხადა გიორიგ კვირიკაშვილმა.
მისი თქმით, უკვე გამოითქვა სურვილი რამდენიმე ობიექტთან დაკავშირებით. კვირიკაშვილი, მარტო ამ ობიექტებით ფიქრობს, რომ ორი-სამი თვის პერიოდში დაახლოებით 300-350 მილიონი დოლარის მობილიზება მოხდება.
ეროვნული ბანკის ყოფილ შენობაშია განთავსებული შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პაატა ზაქარეიშვილის და დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, გელა დუმბაძის უწყებები. შენობების გასხვისების შემდეგ, მათაც, ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად ახალ შენობაში მოუწევთ გადასვლა.
რამდენიმე ხნის წინ ითქვა, რომ შესაძლებელია ათონელის სამთავრობო რეზიდენციაში, რომელიც ამ დრომდე უფუნქციოდაა დარჩენილი, რამდენიმე სამინისტრო გადავიდეს, თუმცა ამის შესახებ ოფიციალური კომენტარი არ გაკეთებულა.