"ე.წ. წითელი ხაზები, რომელიც ასევე მოიცავს ქვეყნის ევროპულ ინტეგრაციას არ გადაიხედება”

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის დავით დონდუას განცხადებით, უწყების ამოცანაა, არაღიარების პოლიტიკის შენარჩუნება და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისო მხარდაჭერის უზრუნველყოფა.

ბრიუსელში მყოფი დავით დონდუა აღნიშნავს, რომ უწყება ამ მიმართულებით აქტიურ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას.

"წითელი ხაზი, ეს არის ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა, ეს არის ჩვენი სუვერენიტეტი, ეს არის ქართველი ხალხის თავისუფალი არჩევანი. ამის გვერდზე გადადება გამორიცხულია. საგარეო საქმეთა სამინისტროს ამოცანა, არაღიარების პოლიტიკის შენარჩუნება და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის საერთაშორისო მხარდაჭერის უზრუნველყოფა. ამ მიმართულებით როგორც ვმუშაობდით, ასევე გავაგრძელებთ მუშაობას",-განაცხადა დონდუამ.  

ცნობისათვის, ბრიუსელში დღეს, ელჩების დონეზე ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა იმართება. სხდომაში საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი და მინისტრის პირველი მოადგილე დავით დონდუა მიიღებენ მონაწილეობას

ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე განხილული იქნება საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები. კერძოდ, რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ რეგიონებთან გაფორმებული ე.წ. ხელშეკრულებები და ის საფრთხეები, რასაც რუსეთის ანექსიური პოლიტიკა შეიცავს.

ამასთან, ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ნატო-ს გენერალურ მდივანს იენს სტოლტემბერგს შეხვდება.