ლარის კურსი არაადეკვატურია და ის ნამდვილად დაიწყებს გამყარებას

ლარის კურსი არაადეკვატურია და ის ნამდვილად დაიწყებს გამყარებას

ლარის დღევანდელი კურსი არაადეკვატურია და ის ნამდვილად დაიწყებს გამყარებას, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს ბიზნესასოციაციის პრეზიდენტმა გიორგი ჭირაქაძემ განაცხადა.

მისი თქმით, გარეშოკებთან შედარებით ლართან დაკავშირებით ატეხილი აჟიოტაჟი არაადეკვატურია. მისივე თქმით, მოკლე ვადაში ლარი დასტაბილურდება და მისი კურსი შესაძლოა დოლართან მიმართებაში გახდეს 1.90-2,00. თუმცა მომავალში რომ იგივე არ განმეორდეს, ამისთვის ხელისუფლების მხრიდან სწორი და სწრაფი ნაბიჯების გადადგმაა აუცილებელი.

"ძალიან ბევრი რესურსია ხელისუფლებაში რომ სიტუაცია მალე გამოსწორდეს და დასტაბილურდეს. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, რომ უფრო სწრაფი ნაბიჯები იქნას გადადგმული, უფრო მეტი კომუნიკაცია იყოს ბიზნესთან, განსაკუთრებით კრიზისული სიტუაციების დროს. დღეს რა მდგომარეობაცაა ყველამ ვიცით, პანიკური სიტუაციაა, რომელიც რეალობას არ შეესაბამება. ხელისუფლების მხრიდან ძალიან მნიშვნელოვანია აქტიური ნაბიჯების გადადგმა, რომ ეს სიტუაცია მოგვარდეს. ლარის დღევანდელი კურსი არაადეკავატურია და ის ნამდვილად დაიწყებს გამყარებას. აქედან გამომდინარე, არ მიმაჩნია სწორად ლარის გადახურდავება დოლარში შექმნილი ვითარების გამო", - განაცხადა ჭირაქაძემ.

მისივე თქმით, ბიზნესმა ხელისუფლების წარმომადგნელებს დღევანდელ შეხვედრაზე გაუზიარა საკუთარი შეხედულებები იმ პრობლემებთან დაკავშირებით, რომლებიც აქვთ.

"მოვისმინეთ საინტერესო პასუხები ხელისუფლების მხრიდან და თუ მათ მიერ დაგეგმილი ნაბიჯები განხორციელდა, ბევრი რამე დასტაბილურდება და მოგვეცემა საშუალება მოკლე პერიოდში სიტუაცია უკეთესობისკენ წავიდეს", - განაცხადა ჭირაქაძემ.