კომერციული ბანკები ერთ კვირაში წარადგენენ გეგმას, თუ როგორ შეუმსუბუქონ დოლარში აღებული სესხის ტვირთი ფიზიკურ პირებს

კომერციული ბანკები ერთ კვირაში წარადგენენ გეგმას, თუ როგორ შეუმსუბუქონ დოლარში აღებული სესხის ტვირთი ფიზიკურ პირებს

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა კომერციულ ბანკებს სთხოვა, ერთი კვირის განმავლობაში წარმოადგინონ გეგმა, თუ როგორ შეუმსუბუქონ ტვირთი ფიზიკურ პირებს, რომლებსაც სესხი დოლარში აქვთ, შემოსავალი კი - ლარებში, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ კომერციული ბანკების ხელმძღვანელებთან გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

"ჩვენ გავიარეთ სხვადასხვა საკითხები. მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ შევუმსუბუქოთ ტვირთი მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელსაც სესხი აქვს დოლარში და შემოსავალი - ლარში. ბანკებს დაევალათ, ერთი კვირის განმავლობაში წარმოადგნინონ გეგმა, რომლებიც ასახავს, რა მიდგომები ექნებათ მათ ასეთ კლიენტებთან და იყვნენ მაქსიმალურად მოქნილები. საუბარია სესხის ვადიანობის გაგრძელებაზე, სხვა ტიპის რესტრუქტურიზაციაზე, რათა ყოველთვიური სესხის მომსახურების თანხა შემცირდეს, რომ რაღაც შვება იგრძნონ იმ ადამიანებმა, რომლებსაც სესხი აქვთ დოლარში და შემოსავალი ლარში", - განაცხადა ქადაგიძემ.

მისივე თქმით, ეს არ არის საკითხის ფუნდამენტური მოგვარება, მაგრამ ვიდრე აღდგება სავალუტო შემოდინებები, ფუნდამენტური ფაქტორები გამოსწორდება, ლარს ექნება გამყარების ტენდენცია, იქამდე ეს იქნება გარკვეული შვება ადამიანებისთვის.

"ამ მიმართულებით ყველა ბანკი ძალიან მოქნილი იქნება. ერთკვირიანი სამუშაო ვადა მივეცით და ზუსტად ერთ კვირაში ჩვენ გვექნება გეგმები სათითაოდ ყველა ბანკის მიხედვით", - განაცხადა ქადაგიძემ.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თქმით, მიდგომები იქნება ინდივიდუალური, რადგან შეუძლებელია ამის სტანდარტიზაცია გაკეთდეს. მისივე თქმით, ეროვნული ბანკის კომპეტენცია ვრცელდება კომერციულ ბანკებზე. რაც შეეხება მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს, ისინი არ რეგულირდებიან.

"ქართული კანონმდებლობის მიხედვით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები უბრალოდ ექვემდებარებიან რეგისტრაციას, ამიტომ ჩვენ არანაირი გავლენა არ გვაქვს მიკროსაფინანსო ორგანიზაციებზე", - აღნიშნა ქადაგიძემ.

მისივე თქმით, ყველა კორპორაციულ ბიზნესს, მათ შორის კომერციულ საბანკო სექტორს ევალება, იყოს სოციალურად პასუხისმგებლიანი.

"ეს არის სოციალური პასუხისმგებლობის განუყოფელი ნაწილი და, რა თქმა უნდა, არც ერთ ბანკს ამასთან დაკავშირებით არანაირი განსაკუთრებული პრეტენზია არ გამოუთქვამს. უფრო მეტიც, ზოგიერთ მათგანს მანამდეც ჰქონდა დაგეგმილი, რომ ამ მიმართულებით მაქსიმალურად მოქნილები იყვნენ", - აღნიშნა ქადაგიძემ.