500-მდე მედიკამენტზე ფასი 15-20%-ის ფარგლებშია მომატებული

500-მდე მედიკამენტზე ფასი 15-20%-ის ფარგლებშია მომატებული

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს ინფორმაციით, გუშინდელი მონაცემებით, 500-მდე მედიკამენტზე ფასი 15-20%-ის ფარგლებში არის მომატებული.

როგორც დავით სერგეენკომ დღეს გამართულ პრესკონფერეციაზე განაცხადა, უწყება მედიკამენტების ფასებზე მონიტორინგს აწარმოებს და სამწუხაროდ, ეს ფასები ბოლო პერიოდის განმავლობაში სტაბილური არ არის.

"გუშინდელი მდგომარეობით, 15 000 საბაზრო დასახელებიდან 500-მდე მედიკამენტზე ფასი მომატებულია 15-20%-ის ფარგლებში. რაც შეეხება დანარჩენ რამდენიმე ათას მედიკამენტს, ყოველთვის იყო და ალბათ ყოველთვის იქნება, ზოგი ძვირდება და ზოგი იაფდება. ფასების ზრდის ტენდენცია გამოხატულია 500-მდე დასახელების მედიკამენტზე", - განაცხადა დავით სერგეენკომ.

"ინტერპრესნიუსის" შეკითხვაზე თუ აპირებს სახელმწიფო ამ პროცესში რაიმე ფორმით ჩარევას, მინისტრმა უპასუხა, რომ ჯანდაცვის სამინისტროს ფუნქციაა ნებისმიერი საკითხის მართვაში მიიღოს მონაწილეობა, რაც ქვეყნის მოქალაქეების ჯანმრთელობას ეხება.

"ჩვენ გვქონდა და გვაქვს სამოქმედო გეგმა, რომლის დამუშავება 24 საათის განმავლობაშია შესაძლებელი. პირველი შედეგი ათ დღეში იქნება. თუმცა, გუშინ მე მივესალმე და კიდევ გამოვხატავ ჩემს დამოკიდებულებას ფარმაცევტული კომპანია PSP-ს მიმართ, რომელმაც გამოხატა კეთილი ნება და გუშინ პირველ ათ მედიკამენტზე ფასები 20%-ით შეამცირა. როგორც გვპირდება ეს გაგრძელდება და პირველ დარტყმას შეამსუბუქებს", - განაცხადა დავით სერგეენკომ.

რაც შეეხება სახელმწიფოს ჩარევას პროცესში, მინისტრის განმარტებით, ამისთვის ორი ძირითადი ბერკეტი არსებობს. მისივე თქმით, პირველია დოტაცია, რომელიც კრიზისული მართვის ინსტრტუმენტია და შორსმიმავალი შედეგები არ აქვს. მეორე ინსტრუმენტი კი პირველადი სასიცოცხლო მნიშვნელობის მედიკამენტებზე მოგების ზღვარის დაწესებაა.

"უახლოესი დღეები დინამიკას დავაკვირდებით, რამდენად შეძლებს იგივე PSP ამ ტენდენციის შენარჩუნებას, ან რამდენად გაიზიარებენ მის მაგალითს სხვა ფარმაცევტული კომპანიები. ჩვენ ფაქტიურად ყოველდღიურად ვაჯამებთ მონაცემებს და მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას", - განაცხადა დავით სერგეენკომ. თუმცა მინისტრმა იქვე დასძინა, რომ ერთი მედიკამენტის გაძვირება შეღავათს არ აძლევს მეორე მედიკამენტს.