ნინო გვენეტაძის კანდიდატურის განხილვა კომიტეტში დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს

ნინო გვენეტაძის კანდიდატურის განხილვა კომიტეტში დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს

იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე წარდგენილი ნინო გვენეტაძის მოსმენა ხმაურის და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს.

დეპუტატების მხრიდან გვენეტაძისადმი კითხვების დასმის და მისი პასუხის მოსმენის შემდეგ კანდიდატურისადმი მიმართვა და კითხვის დასმა მოითხოვეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მყოფმა იურისტებმა ალექსი კობაიძემ და კახა კობახიძემ. მათ კითხვის დასმის საშუალება კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძემ არ მისცა.

როგორც ხმალაძემ განმარტა, აღნიშნული პირები საკომიტეტო მოსმენაზე მისი მხრიდან მოწვეული არ იყო და უფლებამოსილება ჰქონდა, რომ მათთვის კითხვის დასმის შესაძლებლობა არ მიეცა. თავდაპირველად, სწორედ ეს გახდა კობახიძის და კობაიძის მხრიდან პროტესტის გამოთქმის მიზეზი. ისინი სიტყვიერად დაუპირისპირდნენ როგორც ვახტანგ ხმალაძეს, ასევე შალვა შავგულიძეს.

როგორც მათი მხრიდან აღინიშნა, ისინი იმ კანდიდატთა შორის იყვნენ, რომელიც პრეზიდენტს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე შესთავაზეს და "პარლამენტში მხოლოდ ერთი კანდიდატის წარდგენით კონსტიტუცია დაირღვა". კობაიძესა და კობახიძეს ვახტანგ ხმალაძემ დარბაზის დატოვება მოსთხოვა. ერთ-ერთი მათგანი, არც ხმალაძის მოთხოვნით და არც მანდატურის მითითებით არ აპირებდა სხდომათა დარბაზიდან გასვლას, თუმცა ამ დროისთვის მანდატურების ძალისხმევით მათ დარბაზი დაატოვებინეს.

იურიდიული კომიტეტის სხდომაზე ნინო გვენეტაძის მოსმენა ამ წუთებშიც გრძელდება.