პრეზიდენტის გადაწყვეტილება პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევის თაობაზე კონსტიტუციით და კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვადებში გახდება ცნობილი, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი კვერენჩხილაძემ განუცხადა, რომელიც არ აკონკრეტებს, აპირებს თუ არა გიორგი მარგველაშვილი "ნაციონალური მოძრაობის" მოთხოვნის დაკმაყოფილებას.
კვერენჩხილაძის განმარტებით, პარლამენტის წევრთა 1/4-ის მოთხოვნა რიგგარეშე სხდომის მოწვევის თაობაზე გუშინ დღის ბოლოს დარეგისტრირდა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. გიორგი კვერენჩხილაძე ამბობს, რომ პრეზიდენტი სათანადო გადაწყვეტილებას კანონით დადგენილ ვადებში მიიღებს.
პარლამენტის რეგლამენტის გათვალისწინებით, რიგგარეშე სესიის, ან რიგგარეშე სხდომის მოწვევის აქტი პრეზიდენტის მიერ წერილობითი მოთხოვნის მიღებიდან 48 საათის განმავლობაში გამოიცემა, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტი ასეთ აქტს არ გამოსცემს, პარლამენტი მომდევნო 48 საათის განმავლობაში უნდა შეიკრიბოს.
"ნაციონალურმა მოძრაობამ" გუშინ პრეზიდენტს მიმართა, 27 თებერვალს პარლამენტის რიგგარეშე სხდომა მოიწვიოს, სადაც ეროვნული ვალუტის გაუფასურებასა და ქვეყანაში შექმნილ ეკონომიკურ ვითარებაზე იმსჯელებენ.