უგულავას პატიმრობის ვადა ეწურება და ახალი ბრალის შეთითხვნას ცდილობენ

უგულავას პატიმრობის ვადა ეწურება და ახალი ბრალის შეთითხვნას ცდილობენ

ყოფილი ვიცე-მერი მამუკა ახვლედიანი აცხადებს, რომ მისი დაკითხვაზე დაბარება შესაძლოა, გიგი უგულავასთვის ახალი ბრალის მომზადებას უკავშირდებოდეს.

ამის შესახებ ახვლედიანმა ჟურნალისტებს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში შესვლამდე განუცხადა, სადაც ის დაკითხვაზე დაიბარეს. როგორც ახვლედიანმა აღნიშნა, გიგი უგულავას პატიმრობის 9-თვიანი ვადა ეწურება და პროკურატურა და ფინანსური პოლიცია ცდილობს ახალი ბრალის "შეთითხვნას და წაყენებას".

"თუ ასე არ არის, სავარაუდოდ, საქმე ეხება თემების გადაფარვას, კერძოდ, იმას, რომ თბილისის მერიის უნიათო და ყოვლად უმსგავსო ქმედებები ყველასათვის ცნობილია. თვითმმართველობებში არაფერი კეთდება და ალბათ, შესაძლოა თვითმმართველობის თემების გადაფარვა ხდებოდეს აღნიშნულით", - განაცხადა მამუკა ახვლედიანმა.

მისი თქმით, იგი მზად არის გამოძიების ნებისმიერ შეკითხვას უპასუხოს. კონკრეტული თემა კი რაზეც დაკითხვაზეა დაბარებული, მისთვის უცნობია. მამუკა ახვლედიანთან ერთად საგამოძიებო სამსახურთან საკრებულოს "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებიც მივიდნენ. როგორც საკრებულოს წევრმა ირაკლი აბესაძემ განაცხადა, დაკითხვაზე დაბარებებით ხდება გარკვეული მოვლენების გადაფარვა.

"ქართულ ოცნებას" არ ბეზრდება პოლიტიკურად გამოიყენოს საგამოძიებო უწყებები. როგორც ჩანს, სურთ საზოგადოების ყურადღება გადაიტანონ, თუმცა მოსახლეობას და დოლარის კურსს აღნიშნულით ვერ უშველიან", - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.