თუ ოდესმე საქართველო იყო ინვესტიციებისთვის მიმზიდველი, ეს არის დღეს

თუ ოდესმე საქართველო იყო ინვესტიციებისთვის მიმზიდველი, ეს არის დღეს

სოფლის მეურნეობის მინისტრის, ოთარ დანელიას განცხადებით, თუ ოდესმე საქართველო იყო ინვესტიციებისთვის მიმზიდველი, ეს არის დღეს, - ამის შესახებ ოთარ დანელიამ "თბილისი მარიოტში" მიმდინარე ბიზნესასოციაციის მიერ ორგანიზებული შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც დანელიამ აღნიშნა, ასეთი შესაძლებლობები საქართველოში ბიზნესის თავისუფლების კუთხით არასდროს ყოფილა. კითხვაზე, მაშინ რაშია პრობლემა, დანელიამ განაცხადა, რომ ეს არის რეალობა, მოცემულობა, რომელიც არის არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ყველა რეგიონში და სხვა სახელმწიფოებში.

"ეს მიმდინარე მოვლენაა, რომელსაც სჭირდება შესაბამისი ადაპტაცია და მომზადება", - განაცხადა დანელიამ.

რაც შეეხება იმას, არის თუ არა მთავრობის ეკონიმიკური გუნდი პასუხისმგებელი იმ რეალობის გამო, რაც არის ეკონომიკაში, სოფლის მეურნეობის მინისტრმა აღნიშნა, რომ მთავრობა პასუხისმგებლობას არ გაურბოდა, არ გაურბის და არასდროს გაექცევა.

"ჩვენ პროაქტიურები გავხდით იმასთან მიმართებაში, რასაც უცხოური ინვესტიციების კიდევ უფრო გააქტიურებული მოზიდვა ჰქვია. შესაბამსად, მიმდინარე წელს 70 000 000 დოლარი მოვიზიდეთ მარტო ჩვენ სოფლის მეურნეობის ნაწილში", - განაცხადა ოთარ დანელიამ.

რაც შეეხება ამ შემთხვევაში, მთავრობის მიერ განსახორციელებელ ღონისძიებებს, როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრმა აღნიშნა, უკვე ითქვა, რომ საუბარია ადმინისტრაციული ხარჯების გადახედვაზე და უახლოეს დღეებში ეს გახდება უფრო კონკრეტული და ცნობილი საზოგადოებისთვის. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია ამ შემთხვევაში უცხოური ინვესტიციების კიდევ უფრო გააქტიურებული მოზიდვა, იმ მონეტარული პოლიტიკის გატარება, რაც სტანდარტულია. მისი თქმით, ეს არ არის განსაკუთრებული ღონისძიებები, თუმცა განსაკუთრებული ხელშეწყობა სჭირდება ეკონომიკას და ამ კუთხით მთავრობას მიღებული აქვს დავალებები.