თამარ ჟვანიას ინფორმაციით, ცესკოში რიგგარეშე არჩევნების საკითხზე საუბარი არ მიმდინარეობს

თამარ ჟვანიას ინფორმაციით, ცესკოში რიგგარეშე არჩევნების საკითხზე საუბარი არ მიმდინარეობს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია აცხადებს, რომ ცესკოში რიგგარეშე არჩევნების თემაზე საუბარი არ მიმდინარეობს.

თამარ ჟვანია ჟურნალისტებთან საუბარში ვადამდელი არჩევნების საკითხზე დასმულ შეკითხვას გამოეხმაურა. მისი განცხადებით, ეს თემა ცესკოში არ განიხილება და შესაბამისად, არანაირი სამზადისი არ მიმდინარეობს, თუმცა უწყება არჩევნების ჩასატარებლად მზად არის.

"ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში რიგგარეშე არჩევნების საკითხის განხილვა ან ამ თემაზე საუბარი არ მიმდინარეობს. ჩვენ გვესმის სხვადასხვა მოსაზრება პოლიტიკოსებისგან. თუ იქნება არჩევნები, ეს ოფიციალურადაც ცნობილი გახდება გარკვეული პერიოდით ადრე. საარჩევნო ადმინისტრაციას, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მისი განხორციელება ოფიციალურად დაევალება. ჩვენი ინსტიტუცია და მთლიანად კომისია იმდენად არის მზად, რომ ნებისმიერ დროს წარმართავს საარჩევნო პროცესს და წარმატებით განახორციელებს მას", - განაცხადა თამარ ჟვანიამ.

ბოლო პერიოდში მედიაში ვრცელდება ინფორმაცია შემოდგომაზე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შესაძლო ჩატარების შესახებ.