მიხეილ სააკაშვილი უკრაინას დღევანდელ დასავლეთ ბერლინს ადარებს

მიხეილ სააკაშვილი უკრაინას დღევანდელ დასავლეთ ბერლინს ადარებს

საქართველოს ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი უკრაინას "დღევანდელ დასავლეთ ბერლინს" ადარებს. ამის შესახებ ის "ვაშინგტონ პოსტისთვის" დაწერილ წერილში წერს. სააკაშვილის თქმით, უკრაინა ევროპის ყველაზე დიდი ქვეყანაა, სადაც დღეს წყდება ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების ბედი, კერძოდ, შეძლებენ თუ არა ისინი გათავისუფლდნენ უუნარობისგან, კორუფციისა და ძალადობისგან. სააკაშვილი ასევე აცხადებს, რომ უკრაინაში რადიკალური რეფორმები გარდაუვალია. მისივე თქმით, მას უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ სთხოვა მოიწვიოს ქვეყანაში საერთაშორისო ექსპერტები, რათა უკრაინაში "მნიშვნელოვანი ცვლილებები" დაიწყოს. 

ის სტატიაში ყოფილ ქართველ მაღალჩინოსნებზეც საუბრობს. მისი თქმით, ეკა ზღულაძე პოლიციის რეფორმას დაიწყებს, კიდევ ერთი ქართველი რეფორმატორი კი სასამართლო რეფორმას მიხედავს. სააკაშვილი ასევე იმ სამ მნიშვნელოვან ფაქტორზეც საუბრობს, რომელიც უკრაინის თავდაცვის უზრუნველყოფისათვის აუცილებელია. 

"პირველ რიგში მნიშვნელოვანია უკრაინაში ეკონომიკური ზრდა და დემოკრატიული რეფორმები. მეორე მხრივ, საჭიროა, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მეტი ეკონომიკური ზარალი განიცადოს, რაც მის პოზიციებს რუსეთში შეასუსტებს და მესამე: პუტინის სამხედრო დანაკარგი უნდა გაიზარდოს უკრაინის თავდაცვითი იარაღით მომარაგებით", - წერს საქართველოს ექსპრეზიდენტი.