გიორგი კაკაურიძე - ლართან მიმართებაში პროგნოზის გაკეთება საკმაოდ რთული იქნება

გიორგი კაკაურიძე - ლართან მიმართებაში პროგნოზის გაკეთება საკმაოდ რთული იქნება

ლართან მიმართებაში პროგნოზის გაკეთება საკმაოდ რთული იქნება, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ "პალიტრა ტვ"-ის გადაცემა "რეზიუმეში" განაცხადა. 
"მდგომარეობა საკმაოდ რთულია. თუ დღევანდელ სიტუაციას შევხედავთ, საკმაოდ უჩვეულო რამ მოხდა. ვფიქრობთ, ეს სიტუაცია, რომ ერთ დღეში ოფიციალური კურსი დაახლოებით, 7 პუნქტით კიდევ უფრო დაეცა, დიდი ნაწილი, ალბათ, გამოწვეულია გარკვეული სპეკულაციური ვაჭრობით, გარკვეული პანიკითა და მოლოდინებით, რომელიც ამ ვაჭრობაში მონაწილე ორგანიზაციებს აქვს. ეს მოლოდინები იწვევს იმ გარემოებას, რაც დღეს მივიღეთ. მთავარია, რომ ეროვნულმა ბანკმა მთავრობასთან ერთად, ამ მოლოდინების მართვა შეძლოს. ამ წუთებშიც მიმდინარეობს შეხვედრა და ანალიზი, თუ რამ გამოიწვია დღეს ლარის კურსის ასე მყისიერად ვარდნა. წინასწარი მონაცემებით, ვფიქრობთ, რომ გარკვეულწილად ეს გამოიწვია იმ არასწორმა მოლოდინებმა", - განაცხადა კაკაურიძემ და დასძინა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია საგარეო ფაქტორები.

მისივე თქმით, ვალუტის დანაკლისი არ არის იმ მოცულობით, რა მოცულობითაც ბოლო პერიოდში ლარის გაუფასურება მოხდა. "ჯერ ანალიზი ეროვნული ბანკიდან არ მიგვიღია, თუ რა მოხდა დღეს, იყო რაიმე მსხვილი გადახდა, რომელიც მოსალოდნელი იყო, თუ არ იყო ასეთი გადახდა და უბრალოდ ვაჭრობამ დააფიქსირა. ეს მონაცემები დღის ბოლომდე, რა თქმა უნდა, გვექნება და ამას კიდევ გავაანალიზებთ", - განაცხადა კაკაურიძემ. 

მისივე თქმით, ლართან მიმართებაში პროგნოზის გაკეთება საკმაოდ რთული იქნება. "იქიდან გამომდინარე, რომ დოლართან მიმართებაში ყველა ქვეყნის ვალუტა გაუფასურებულია, ზოგადად, დოლარის გამყარების ტენდენცია, ჩვენ შეიძლება, დავთვალოთ მაქსიმუმი, თუ რამდენი სავალუტო შემოდინება შეიძლება დააკლდეს ქვეყანას და აქედან გამომდინარე, ვიმსჯელოთ, რა ზეგავლენა შეიძლება ამან ლარზე იქონიოს", - განაცხადა კაკაურიძემ. 

მინისტრის მოადგილის თქმით, უნდა გაკეთდეს მაქსიმუმი იმისთვის, რომ გაცვლითი კურსი კიდევ უფრო არ გაუფასურდეს. "ამ მიმართულებით კონკრეტული გეგმები არსებობს, მაგრამ არის გეგმა, რომელიც ცოტა გრძელვადიან პერიოდზე მუშაობს და არის ღონისძიებები, რომლებიც მოკლე ვადაში უნდა განხორციელდეს და რომელმაც შეიძლება, შეაჩეროს. მსგავსი ღონისძიებების გატარება სცადა ჩვენმა მეზობელმა - აზერბაიჯანმა. გარკვეული პერიოდი აზერბაიჯანული მანათი სტაბილურად იყო, თუმცა შემდეგ, როცა მათმა ეროვნულმა ბანკმა ვეღარ შეძლო რეზერვების გაყიდვა, მივიღეთ, რომ ერთ დღეში 33%-ით გაუფასურდა. ანუ საბოლოო ჯამში, ლარმა უნდა მიაღწიოს იმ ნიშნულს - ეს იქნება 2-ზე ცოტა ქვევით, თუ ცოტა მეტი, არ ვიცით, მაგრამ უნდა მიაღწიოს იმ ნიშნულს, რაც რეალურად გაცვლითი კურსია", - განაცხადა კაკაურიძემ.

მისივე თქმით, დღეს არსებული ციფრებიდან გამომდინარე, ლარი უფრო მეტადაა გაუფასურებული, ვიდრე უნდა იყოს და ეს სწორედ მოლოდინების გამოა მომხდარი. 
"პირველ რიგში, ეს მოლოდინები უნდა ჩაქრეს, რომ არ მოხდეს სპეკულაციურად ვაჭრობა. ამაზე ეროვნული ბანკი მუშაობს და ამ დღეებში საბოლოო გადაწყვეტილებები იქნება მიღებული სავალუტო ფონდის, ეროვნული ბანკისა და ფინანსთა სამინისტროს ერთობლივი მუშაობით და ეროვნულ ბანკს ექნება კონკრეტული გეგმა, როგორ უნდა უზრუნველყოს, რომ ეს პანიკური და მოლოდინების გამო ვაჭრობა არ იყოს აქტიური", - განაცხადა კაკაურიძემ.