ნებისმიერი ქართველი მზადაა, უკრაინაში იმსახუროს

ნებისმიერი ქართველი მზადაა, უკრაინაში იმსახუროს

პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ნებისმიერი ქართველი მზადაა, უკრაინაში იმსახუროს. როგორც გიორგი მარგველაშვილმა უკრაინულ გამოცემა "День"-თან ინტერვიუში განაცხადა, უკრაინის გადასაწყვეტია, რომელ ქართველს მიიწვევს.

"მე და პოროშენკოს მანდატი ქართველმა და უკრაინელმა ხალხმა მოგვცა. ეს გვავალდებულებს, რომ გავამყაროთ მეგობრობა ორ ქვეყანას შორის. რომ არ ვასრულებდეთ ამ ვალდებულებას, ჩვენ კი ვასრულებთ, მაინც ვერ შევძლებდით ქართველებისა და უკრაინელების წაჩხუბებას, ვინაიდან ისტორიული ფესვები და საერთო მიზნები გვაერთიანებს. პირიქით, ჩვენ ვმუშაობთ ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებაზე. ჩვენი სიყვარულისა და მეგობრობიდან, ასევე სტრატეგიული ინტერესებიდან გამომდინარე, მე ვიტყოდი, რომ ნებისმიერი ქართველი მზადაა, უკრაინაში იმსახუროს. უკრაინის არჩევანია, რომელ ქართველს მიიწვევს. ჩვენი მეგობრობა უკრაინელებთან არა ინდივიდებზე, არამედ ისტორიულ კეთილმეზობლობასა და სტრატეგიულ პარტნიორობაზე დგას", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

მისივე თქმით, გარკვეული დეტალები, ლაფსუსები მშვიდობიან დროს მოგვარდება. "ასეთი საკითხები არ განიხილება, როდესაც მეგობრებს პრობლემები აქვთ", - დასძინა გიორგი მარგველაშვილმა.