სამწუხაროდ, ზურაბ აბაშიძის პოზიცია საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების რეალური პოზიციაა

სამწუხაროდ, ზურაბ აბაშიძის პოზიცია საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების რეალური პოზიციაა

სამწუხაროდ, ზურაბ აბაშიძის პოზიცია საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების რეალური პოზიციაა, რომელიც საქართველოს ევროატლანტიკური კურსიდან გადახვევის აშკარა ელემენტებს შეიცავს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტმა გიორგი რუხაძემ პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძის მიერ საქართველოს ნატოში ინტეგრაციასთან დაკავშირებით ბოლოდროინდელი განცხადებების შეფასებისას განუცხადა.

"აბაშიძე-კარასინის ფორმატის ჩარჩოები არის განსაზღვრული. ყველასთვის ცნობილია, რომ ეს არის ვაჭრობა, ტრანსპორტი და კულტურული ურთიერთობა. სამწუხაროდ, ბატონი აბაშიძის კომენტარი არის არა ამ ფორმატით განსაზღვრულ საკითხებზე, არამედ იმ საკითხებზე, რომელსაც მისი და კარასინის დიალოგის ფორმატი არ ითვალისწინებს. რეალურად მისი კომენტარები უსაფრთხოებას, ნატოში ინტეგრაციას და ტერიტორიული მთლიანობის საკითხებს ეხება. ჩნდება კითხვა, თუ კარასინის ფორმატი არ ფართოვდება, მაშინ რატომ აკეთებს ბატონი აბაშიძე განცხადებებს ამ საკითხებზე?!", - განაცხადა რუხაძემ.

გიორგი რუხაძე ზურაბ აბაშიძის განცხადებებს არ იზიარებს და საქართველოს ფუნდამენტური ინტერესებისთვის ზიანის მომტანად მიიჩნევს.

"ეს არის მცდარი გზავნილი როგორც მოსკოვისთვის, ასევე, ბრიუსელისთვის და ვაშინგტონისთვის. სამწუხაროდ, მიმაჩნია, რომ აბაშიძის პოზიცია არის საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების რეალური პოზიცია, რომელიც აშკარად საქართველოს ევროატლანტიკური კურსიდან ერთგვარ გადახვევის ელემენტებს შეიცავს. სამწუხაროა, რომ გზავნილი მოსკოვისთვის ის კი არ არის, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ნატოს წევრი მიუხედავად იმისა, მოსკოვს მოსწონს ეს, თუ არა, გზავნილი არის ის, რომ საქართველოს ნატოს წევრობა, დღეს დღის წესრიგში არ დგას. ეს არის პირდაპირი გზავნილი, რომ საქართველო ნატოსკენ არ მიდის. ყოველ შემთხვევაში, სამწუხაროდ, ეს არ არის რეალური პოლიტიკა,", - განაცხადა რუხაძემ.

რაც შეეხება აბაშიძის განცხადებას იმის შესახებ, რომ ნატოს საწვრთნელი ცენტრი სამხედრო კომპონენტს არ შეიცავს, გიორგი რუხაძის შეფასებით, ეს თვითონ ამ საწვრთნელი ცენტრის მნიშვნელობის დაკნინების მცდელობაა.

"საწვრთნელი ცენტრი რომ არ არის ნატოს ბაზა, ეს ყველამ ვიცით და ამაზე არავინ დაობს, თუმცა რა თქმა უნდა, საწვრთნელი ცენტრი შეიცავს სამხედრო კომპონენტს. აბა, საწვრთნელ ცენტრში ვის გაწვრთნიან, ბავშვების გასართობი ცენტრი იქნება ეს, დაბადების დღეების გადასახდელი თუ წყალგაყვანილობის ოსტატობის საწვრთნელი ცენტრი?! ეს არის სამხედრო საწვრთნელი ცენტრი, სადაც ნატოს სამხედროები გაწვრთნიან როგორც ქართველ, ისე არაქართველ სამხედროებს. სწორედ ეს არის ერთგვარი მონაპოვარი საქართველოსთვის, რომ სწორედაც რომ ნატოს სამხედრო კომპონენტი და ელემენტი შემოდის საქართველოს ტერიტორიაზე", - განაცხადა რუხაძემ.

ამასთან, ის ყურადღებას ამახვილებს და საგანგაშოდ მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ ზურაბ აბაშიძის განცხადება ემთხვევა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის განცხადებას და წინ უსწრებს გრიგორი კარასინთან შეხვედრას.

"აშკარაა, რომ კარასინთან შეხვედრის წინ ბატონი აბაშიძე ცდილობს შეასუსტოს საქართველოს პოზიცია ევროატლანტიკური თვალსაზრისით. რატომ ცდილობს ამას, არ ვიცი. ეს გამოჩნდება მალე, იმისდა მიხედვით, თუ სად წავა რეალურად აბაშიძე-კარასინის ფორმატი", - განაცხადა გიორგი რუხაძემ და დასძინა, რომ ზურაბ აბაშიძე ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი დიპლომატია საქართველოში და მისი განცხადებები შემთხვევითი ნამდვილად არ არის.

პრემიერის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ "რია ნოვოსტისთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ უახლოეს პერსპექტივაში საქართველოს ნატოში გაწევრიანება დღის წესრიგში არ დგას და ამის გამო დამატებითი საბაბის ძიება რუსეთთან ისედაც რთული ურთიერთობების კიდეც უფრო გასართულებლად, საჭირო არ არის.მისივე თქმით, რუსეთის შეშფოთება საქართველოს ნატოში გაწევრიანებასთან და საქართველოს ტერიტორიაზე ერთობლივი საწვრთნელი ცენტრის განთავსებასთან დაკავშირებით, გადაჭარბებულია და აღნიშნული ცენტრი არანაირ სამხედრო ფაქტორს არ მოიცავს.