2.2619 – ლარის კურსი 1999 წლის მინიმუმამდე დაეცა

2.2619 – ლარის კურსი 1999 წლის მინიმუმამდე დაეცა

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი ხვალინდელი დღისთვის, დოლართან მიმართებაში კვლავ გაუფასურდა. გაუფასურებამ 0.0648 პუნქტი შეადგინა და შესაბამისად, 1 დოლარი 2.2619 ლარი ღირს.

ლარი ევროსთან მიმართებაშიც გაუფასურდა, გაუფასურებამ დაახლოებით 0.0741 პუნქტი შეადგინა და ოფიციალური კურსით 1 ევრო 2.5573 ლარი ღირს.

მიმდინარე დღეებში გაკეთებული განცხადებებით, სახელმწიფო ადმინისტრაციული ხარჯების 12%–ით შემცირებას გეგმავს, ამასთან, იგეგმება ეკონომიკური ზრდის პროგნოზის შემცირება 2-2.5%–ის ფარგლებში. ბოლოს ლარის ასეთი დაბალი კურსი 1999 წელს დაფიქსირდა.

საქართველოში საერთაშორისო სავალტურო ფონდის მუდმივი წარმომადგენლის, აზიმ სადიკოვის განცხადებით, ლარის კურსთან დაკავშირებით სწორი დიაგნოსტიკა უნდა გაკეთდეს, რის შემდეგაც საპასუხო ნაბიჯები დაიგეგმება. მისი თქმით, რეგიონმა რამდენიმე ეკონომიკური შოკი განიცადა და ამით საქართველოც დაზარალდა. 

"ჩვენ ამ საკითხებს დეტალურად განვიხილავთ საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად. ჩვენმა მისიამ გუშინ დაიწყო მუშაობა. სწორი დიაგნოსტიკა უნდა გავაკეთოთ, რის შემდეგაც მთავრობასთან და ეროვნულ ბანკთან ერთად ვისაუბრებთ, რა საპასუხო ნაბიჯები უნდა გადადგას. ხელისუფლების მხრიდან ადეკვატური პოლიტიკა გატარდა. ლარს მცურავი კურსის შენარჩუნების საშუალება მისცეს, რაც სწორია, მაგრამ ამავდროულად უნდა იქნას გათვალისწინებული სხვა საკითხები, მათ შორის მეზობელ ქვეყნებში ეკონომიკის ზრდის შენელება", - განაცხადა სადიკოვმა.