სახეზეა ეკონომიკური კოლაფსის ნიშნები

სახეზეა ეკონომიკური კოლაფსის ნიშნები

"ნაციონალური მოძრაობის" შეფასებით, სახეზეა ეკონომიკური კოლაფსის ნიშნები. როგორც ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური ვითარების კომენტირებისას ჟურნალისტებს პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ბეჟაშვილმა განუცხადა, ლარი ფაქტობრივად ჩამოიშალა.

"სამწუხაროდ, სახეზე გვაქვს ეკონომიკური კოლაფსის ნიშნები. ლარი ფაქტობრივად ჩამოიშალა. მთავრობა თავისი უმოქმედობით კიდევ უფრო უწყობს ხელს ამას. ჩვენ ვხედავთ, რომ მოსახლეობა დღითიდღე ღარიბდება. მოსახლეობას უამრავი სესხი აქვს აღებული, ამ დროს კი საპროცენტო განაკვეთები იზრდება. იზრდება პროდუქტებზე ფასებიც. მთავრობა ნაცვლად იმისა, რომ კონკრეტულ გამოსავალ სთავაზობდეს მოსახლეობას, დაკავებულია შეთქმულების თეორიებით, საგარეო ფაქტორებზე გადაბრალებით.

ამიტომ ვფიქრობთ, პარლამენტის რიგგარეშე სხდომა უნდა იყოს მოწვეული უსწრაფესად, რათა ჩვენ მთავრობას დავუსვათ ის კონკრეტული კითხვები, რომელიც დღეს საზოგადოებას აწუხებს და მთავრობამ წარმოადგინოს კონკრეტული გეგმა, თუ რაში ხედავენ ისინი სიტუაციიდან გამოსავალს. უნდა გადაიდოს ყველანაირი პოლიტიკური დაპირისპირება გვერდზე და პარასკევს უნდა შეიკრიბოს პარლამენტი, რათა საზოგადოებამ დაინახოს, რომ ხელისუფლება ჰყავს ამ ქვეყანას და მას აქვს უნარი საკითხების განხილვის და გადაწყვეტილებების მიღების", - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

პარტიის კიდევ ერთი წარმომადგენლის, გიგი წერეთლის შეფასებითაც, ვითარება საგანგაშოა. "ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილი ღარიბდება. სწორედ ხელისუფლების ბრალია, რომ ხალხში არის პანიკური განწყობა იმის გამო, რომ ხელისუფლების მხრიდან მწყობრ გზავნილებს ვერ ხედავს. ამ დღეების განმავლობაში ვითარება მხოლოდ და მხოლოდ უარესდება, ამიტომ ჩვენ გვინდა, რომ მოვისმინოთ პარლამენტში, რა ხდება ქვეყანაში და რა გეგმა აქვს მთავრობას. ამიტომ მიგვაჩნია, რომ სასწრაფოდ უნდა იქნას ასეთი სხდომა მოწვეული", - აღნიშნა წერეთელმა.

"ნაციონალურმა მოძრაობამ" დღეს პრეზიდენტს პარლამენტში რიგგარეშე სხდომის მოწვევის წინადადებით მიმართა, რომელზეც საკანონმდებლო ორგანო პრემიერ-მინისტრსა და მთავრობის ეკონომიკური გუნდის წევრებს დაიბარებს.