ზურაბ აბაშიძემ რუსული პუბლიკისთვის გამიზნული განცხადებები გააკეთა

ზურაბ აბაშიძემ რუსული პუბლიკისთვის გამიზნული განცხადებები გააკეთა

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის ზვიად კვაჭანტირაძის აზრით, ზურაბ აბაშიძემ რუსული პუბლიკისთვის გამიზნული განცხადებები გააკეთა.

როგორც დეპუტატმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, საქართველოს საგარეო პოლიტიკურ კურსს შეცვლის საფრთხე არ ემუქრება და ქვეყნის ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაცია ერთადერთ გზად რჩება.

"საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსი არის უცვლელი. ქვეყნის ნატოში ინტეგრაცია პრიორიტეტად რჩევა, რაც დღის წესრიგიდან არასდროს მოიხსნება. მეორეა, თუ რამდენად ადეკვატურად აფასებენ ჩვენი კოლეგები ჩვენს სწრაფვას ნატოში – შთაბეჭდილება მრჩება, რომ ზურაბ აბაშიძის განცხადება რუსული პუბლიკისთვის იყო გათვალისწინებული და გამიზნული. ის შეეცადა, რაც შეიძლება დიპლომატიური ენით ესაუბრა იმის თაობაზე, რომ საქართველოს ნატოსკენ სწრაფვა ქართულ-რუსულ ურთიერთობებში არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს", - აცხადებს ზვიად კვაჭანტირაძე.

როგორც რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ "რია ნოვოსტისთან" ინტერვიუში განაცხადა, უახლოეს პერსპექტივაში საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება დღის წესრიგში არ დგას და რუსეთის შეშფოთება ამასთან დაკავშირებით გადაჭარბებულია.

"უახლოეს პერსპექტივაში საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება დღის წესრიგში არ დგას და ეს ყველასთვის ცნობილია – ჩვენთვისაც, თქვენთვისაც და ბრიუსელისთვისაც. ასე რომ, ვფიქრობ, ამ ემოციური ფონის მოხსნა უნდა ვცადოთ. ამის გამო დამატებითი საბაბის ძიება ისედაც რთული ურთიერთობების კიდევ უფრო გასართულებლად არ ღირს", - აღნიშნა აბაშიძემ.

მისივე თქმით, რუსეთის შეშფოთება, საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებასთან და საქართველოს ტერიტორიაზე ერთობლივი საწვრთნელი ცენტრის განთავსებასთან დაკავშირებით, გადაჭარბებულია და აღნიშნული ცენტრი არანაირ სამხედრო ფაქტორს არ მოიცავს.

"არანაირი ბაზა ამ მომენტისთვის არ არის, ეს არის საწვრთნელი ცენტრი, მოკრძალებული. ისიც კი არ ვიცი, რამდენი ოფიცერი ჩაატარებს წვრთნებს", - დასძინა ზურაბ აბაშიძემ.