საქართველოს ხელისუფლება მზად არის აფხაზებთან და ოსებთან პირდაპირ კონტაქტებზე

საქართველოს ხელისუფლება მზად არის აფხაზებთან და ოსებთან პირდაპირ კონტაქტებზე

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილის ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, ის რომ საქართველოს ხელისუფლება მზად არის აფხაზებთან და ოსებთან პირდაპირ კონტაქტებზე, ეს არაერთხელ გაცხადდა და ამაში ცვლილება არ არის.

ამის შესახებ ქეთევან ციხელაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ მიესალმება   თუ აფხაზებთან და ოსებთან დიალოგში რუსეთი თბილისს ხელს შეუწყობს. კითხვაზე, ხომ არ დგება ჟენევის პროცესი ამ ყველაფრის შედეგად კითხვის ქვეშ, ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა, რომ არავითარი ცვლილება მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკაში არ არის.

"საქართველოს ხელისუფლებისთვის, ისევე როგორც საერთაშორისო თანამეგობრობისთვის ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები რჩება ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფორმატად, ეს არის საქართველო-რუსეთს შორის მოლაპარაკებების ფორმატი ჩვენი პარტნიორების მონაწილეობით და ეს ასეც დარჩება. ის, რომ საქართველოს ხელისუფლება მზად არის აფხაზებთან და ოსებთან პირდაპირ კონტაქტებზე ეს არა ერთხელ გაცხადდა", - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

რაც შეეხება აბაშიძის განცხადებას, სადაც საუბარია აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან მოლაპარაკებაში რუსეთის დახმარებაზე, ქეთევან ციხელაშვილმა აღნიშნა, რომ თუ რას გულისხმობდა კონკრეტულად აბაშიძე ამაში, ეს კითხვა თვითონ მას უნდა დაუსვათ.

"ჩემთვის ალბათ გასაგებია, რომ ის გულისხმობდა, ხშირად აფხაზები და ოსები გარკვეულ გადაწყვეტილებებში დამოუკიდებლები არ არიან. ყოველი შემთხვევისთვის ჩვენი მზაობა ისევ ძალაშია. ახლა ჩვენ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის ფარგლებში ვცდილობთ გარკვეული საკითხები, რომელიც ატარებს ჰუმანიტარულ ხასიათს, განვიხილოთ დეპოლიტიზირებულად", - განაცხადა ციხელაშვილმა.