ისეთი ინტენსიური ურთიერთობა, როგორიც დღეს საქართველოს ნატოსთან აქვს, არასდროს ჰქონია

ისეთი ინტენსიური ურთიერთობა, როგორიც დღეს საქართველოს ნატოსთან აქვს, არასდროს ჰქონია

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი სესიაშვილის შეფასებით, ისეთი ინტენსიური ურთიერთობა, როგორიც დღეს საქართველოს ნატოსთან აქვს, არასდროს ჰქონია.

როგორც სესიაშვილმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, საქართველოს ნატოში გაწევრიანების საკითხი დისკუსიას არ ექვემდებარება, მხოლოდ ისმის კითხვა - როდის.

აღნიშნული განცხადება დეპუტატმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის "რია ნოვოსტისთვის" მიცემული ინტერვიუს შეფასებისას გააკეთა.

"ზურაბ აბაშიძეს რუსეთთან ურთიერთობაში საკუთარი მისია აქვს. ის მივლენილია სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროსთან დაკავშირებით, თუმცა თავისთავად ცხადია, აქვს საკუთარი შეფასების, პოლიტიკური პოზიციის გამოთქმის შესაძლებლობა. საქართველოს ნატოში გაწევრიანება შეუქცევადი პროცესია. ხელისუფლება ეფექტურ, სწრაფ ნაბიჯებს დგამს იმისთვის, რომ პროცესი დაჩქარდეს. ასეთი ინტენსიური ურთიერთობა, როგორც ჩვენ დღეს ნატოსთან გვაქვს, არადროს გვქონია. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანი ის მესიჯები, რასაც ჩვენ ნატოსგან ვიღებთ – ეს არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი სრული მხარდაჭერა, ისინი სულ უფრო მკაფიოდ უსვამენ ხაზს, რომ საქართველო ნატოს ღირსეული პარტნიორი და პოტენციური წევრია. გაძლიერებული თანამშრომლეობის პაკეტი ეს არის ძალიან ძლიერი ინსტრუმენტი ნატოში გაწევრიანებისთვის. აქ საუბარია არა ძლიერ პატრნიორობაზე, არამედ მივდივართ ნატოს წევრობისაკენ. საქართველო იმ ქვეყნების ხუთეულშია, რომელიც ყველაზე მეტად თავსებადია ნატოსთან, მათ შორის ეს არის შვედეთი და ფინეთი. ამ ფონზე, თუკი ვინმე დაიწყებს იმით სპეკულირებას, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის ნატოში ინტეგრაციის საკითხს გადახედა, ეს შეურაცხმყოფელია საზოგადოებისთვის, რადგან არჩევანი ხალხმა გააკეთა", - აცხადებს ირაკლი სესიაშვილი.

როგორც ზურაბ აბაშიძემ "რია ნოვოსტისთან" ინტერვიუში განაცხადა, რუსეთის შეშფოთება, საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებასთან და საქართველოს ტერიტორიაზე ერთობლივი საწვრთნელი ცენტრის განთავსებასთან დაკავშირებით, გადაჭარბებულია.

"უახლოეს პერსპექტივაში საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება დღის წესრიგში არ დგას. ეს ყველასთვის ცნობილია – ჩვენთვისაც, თქვენთვისაც და ბრიუსელისთვისაც. ასე რომ, ვფიქრობ, ამ ემოციური ფონის მოხსნა უნდა ვცადოთ. ამის გამო დამატებითი საბაბის ძიება ისედაც რთული ურთიერთობების კიდეც უფრო გასართულებლად არ ღირს", - განაცხადა აბაშიძემ.