ნატო-ს საწვრთნელ ცენტრზე საფრთხეები რუსულ მედიაში გადაჭარბებულია და ზურაბ აბაშიძე ამის ახსნას ცდილობს

ნატო-ს საწვრთნელ ცენტრზე საფრთხეები რუსულ მედიაში გადაჭარბებულია და ზურაბ აბაშიძე ამის ახსნას ცდილობს

ნატო-საქართველოს საწვრთნელ ცენტრთან დაკავშირებით საფრთხეები რუსულ მედიაში გადაჭარბებულად არის შეფასებული და ზურაბ აბაშიძეც სწორედ ამის ახსნას ცდილობს, - ასე აფასებს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის "რია ნოვოსტისთან" ინტერვიუში გაკეთებულ განცხადებას.

როგორც "ინტერპრესნიუსს" სესიაშვილმა განუცხადა, ნატო-საქართველოს საწვრთნელი ცენტრი ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებისთვის, ქვეყნის თავდაცვის უნარიანობის გაძლიერებისა და ნატოსთან მეტი თავსებადობის მიღწევისთვის.

"რუსეთი აღნიშნულ ცენტრს პირდაპირ საფრთხედ აღიქვამს და ზურაბ აბაშიძე იმაზე საუბრობს, რომ საწვრთნელი ცენტრი რაიმე ტიპის სამხედრო საფრთხეს რუსეთის წინააღმდეგ არ წარმოადგენს. ჩვენს ქვეყანაში ათეულობით საწვრთნელი ცენტრია, სადაც დღესაც, მათ შორის ამერიკელები, პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლები სამხედრო მოსამსახურეების, ოფიცრების გაწვრთნაში გვეხმარებიან. რა თქმა უნდა, ნატოსთან გაძლიერებული პაკეტის ფარგლებში გათვალისწინებული ნატო-საქართველოს საწვრთნელი ცენტრი გაცილებით უფრო მასშტაბური და უფრო კომპლექური იქნება, რასაც მივესალმებით, მაგრამ რუსეთის მედიაში გადაჭარბებულად არის შეფასებული საფრთხეები და ზურაბ აბაშიძე ამაზე აკეთებს აქცენტს, რათა რუსული მედიით სწორად იყოს ახსნილი, თუ რა იგეგმება", - აცხადებს ირაკლი სესიაშვილი.

როგორც ზურაბ აბაშიძემ "რია ნოვოსტისთან" ინტერვიუში განაცხადა, რუსეთის შეშფოთება, საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებასთან და საქართველოს ტერიტორიაზე ერთობლივი საწვრთნელი ცენტრის განთავსებასთან დაკავშირებით, გადაჭარბებულია და აღნიშნული ცენტრი არანაირ სამხედრო ფაქტორს არ მოიცავს.

"არანაირი ბაზა ამ მომენტისთვის არ არის, ეს არის საწვრთნელი ცენტრი, მოკრძალებული. ისიც კი არ ვიცი, რამდენი ოფიცერი ჩაატარებს წვრთნებს", - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.