პრეზიდენტი რიგგარეშე სხდომასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას კონსტიტუციურ ვადებში მიიღებს

პრეზიდენტი რიგგარეშე სხდომასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას კონსტიტუციურ ვადებში მიიღებს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პარლამენტის რიგგარეშე სხდომასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას კონსიტუციით  დადგენილ ვადებში მიიღებს.

ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" პრეზიდენტის პრესსამსახურში განუცხადეს.

"პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ჯერ ოფიციალური წერილი არ შემოსულა. წერილის მიღების შემთხვევაში, შესაბამის პასუხი კონსტიტუციით დადგენილ ვადებში იქნება", - აცხადებენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" 27 თებერვალს პარლამენტის რიგგარეშე სხდომის ჩატარებას მოითხოვს. როგორც პარტიის წევრმა გოკა გაბაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ამ სხდომას უნდა დაესწრნონ პრემიერ-მინისტრი, ვიცე პრემიერები და ეკონომიკური ბლოკის მინისტრები. "ნაციონალური მოძრაობა" რიგგარეშე სხდომის მოსაწვევად პრეზიდენტს მიმართავს.

"ქვეყანაში მძვინვარებს ძალიან მძიმე ეკონომიკური და ფინანსური კრიზისი. ლარის გაუფასურება პირდაპირ ურტყამს ჩვენი მოქალაქეების ინტერესს. ხდება სწრაფი გაღარიბება ჩვენი მოქალაქეების. ეს კრიზისი სახეზეა და ეს კრიზისი არის შედეგი მთავრობის უნიათობის, არაკომპეტენტურობის, გაუმართლებელი და დამღუპველი პოლიტიკის. ამ კრიზისის გათვალისწინებით, სასწრაფო ღონისძიებად მიგვაჩნია, რომ ჩატარდეს საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე საგანგებო სხდომა, რომელზეც უნდა მოვიდნენ პრემიერ-მინისტრი, ვიცეპრემიერები.

საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტის თავმჯდომარის ან პარლამენტის შემადგენლობის არანაკლებ ერთი მეოთხედის მოთხოვნით, ან საქართველოს მთავრობის წარდგინებით სესიებს შორის პერიოდში იწვევს რიგგარეშე სესიას, ხოლო მორიგი სესიის მიმდინარეობისას − რიგგარეშე სხდომას.

ამასთან, რეგლამენტის მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარის ან პარლამენტის შემადგენლობის არანაკლებ ერთი მეოთხედის მოთხოვნით, ან საქართველოს მთავრობის წარდგინებით, სესიებს შორის პერიოდში იწვევს რიგგარეშე სესიას, ხოლო მორიგი სესიის მიმდინარეობისას − რიგგარეშე სხდომას.