თებერვლის ბოლომდე საქართველოში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. როგორც "ინტერპრესნიუსს" გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის ჰიდრომეტეოლოგიური სამსახურის უფროსმა სვეტლანა ნიორაძემ განუცხადა, თბილი და უნალექო ამინდი საქართველოს უმეტეს რაიონში 1-ელ მარტამდე შენარჩუნდება.
დღეს დასავლეთ საქართველოში, კერძოდ, კოლხეთის დაბლობსა და ზემო იმერეთში იქროლებს ძლიერი ქარი, რომლის სიჩქარე 10-15 მეტრი წამში, ზოგან კი 20-25 მეტრი წამში იქნება.
ერთი კვირის განმავლობაში, დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 22 გრადუსამდე გათბება, აღმოსავლეთ საქართველოში კი ტემპერატურა შედარებით დაბალია და 10-15 გრადუსის ფარგლებში შენარჩუნდება.
თებერვლის ბოლომდე ღამით მთასა და მაღალმთაში მოსალოდნელია ყინვა. კერძოდ, დასავლეთ საქართველოს მთაში _ -3 გრადუსი; მაღალმთაში _ -8 გრადუსი,
აღმოსავლეთ საქართველოს მთაში _ -6; მაღალმთაში _ -10 გრადუსი; ბარში -4 +1 გრადუსის ფარგლებში იქნება.