დავით საგანელიძე - გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეობა დავით ლორთქიფანიძეს სურს

დავით საგანელიძე - გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეობა დავით ლორთქიფანიძეს სურს

დეპუტატ დავით ლორთქიფანიძეს აქვს სურვილი, იყოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე, - ამის შესახებ ჟურნალისტებს გუშინ, ფრაქცია "ქართული ოცნების" დახურული სხდომის შემდეგ უმრავლესობის ლიდერმა დავით საგანელიძემ განუცხადა. 

მისივე თქმით, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე დეპუტატ ზვიად კვაჭანტირაძის კანდიდატურა აბსოლუტურად ადეკვატურია და მისი შესაძლო დასახელება არავის უნდა გაუკვირდეს. 

ამასთან, ჟურნალისტებთან საუბრისას საგანელიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ კომიტეტების ახალ თავმჯდომარეებზე საუბარი ამ დროისთვის ნაადრევია, რადგან ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატების" წარმომადგენლებს საპარლამენტო თანამდებობები ოფიციალურად ჯერ არ დაუტოვებიათ, ხოლო მათ შემცვლელთა საკითხზე შიდა კონსულტაციები გრძელდება და პროცესი დასრულებული არ არის. 
უმრავლესობის ლიდერის შეფასებით, უმრავლესობაში ბევრი ღირსეული დეპუტატია, რომლებიც კომიტეტის ხელმძღვანელობას შეძლებენ. 

"თავისუფალმა დემოკრატებმა" საპარლამენტო კომიტეტების თავმჯდომარის პოსტების დატოვების გადაწყვეტილება მიიღეს. თანამდებობები დატოვეს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ დავით ონოფრიშვილმა, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ვიქტორ დოლიძემ და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი ცაგარეიშვილმა. გარდა ამისა, ვაკანტურია პარლამენტის კავკასიის საკითხთა და დიასპორასთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა, რადგან მოქმედმა თავმჯდომარემ გუბაზ სანიკიძემ პარლამენტის ვიცე-სპიკერის პოსტზე გადაინაცვლა.