დავით საგანელიძე - იურიდიული კომიტეტის სხდომის ჩაშლის მიზეზებთან დაკავშირებით განმარტებები სოსო ჯაჭვლიანმა უნდა გააკეთოს

დავით საგანელიძე - იურიდიული კომიტეტის სხდომის ჩაშლის მიზეზებთან დაკავშირებით განმარტებები სოსო ჯაჭვლიანმა უნდა გააკეთოს

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომის ჩაშლის მიზეზებთან დაკავშირებით განმარტებები სოსო ჯაჭვლიანმა უნდა გააკეთოს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია "ქართული ოცნების" წარმომადგენელმა, დავით საგანელიძემ განუცხადა.

ჟურნალისტების კითხვაზე, თუ რატომ არ წარმოადგინა ფრაქცია "ქართულმა ოცნებამ" იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრების, ზაქარია ქუცნაშვილისა და კარლო კოპალიანის ადგილმონაცვლეები, საგანელიძემ აღნიშნა, რომ ამაზე განმარტებისთვის მედიამ არა მას, არამედ ჯაჭვლიანს უნდა მიმართოს, რადგან ფრაქციის თავმჯდომარე გიორგი ვოლსკი ამჟამად საქართველოში არ იმყოფება და მის მოვალეობას სოსო ჯაჭვლიანი ასრულებს. საგანელიძის თქმით, ფრაქციასთან და კომიტეტთან დაკავშირებით კითხვების მასთან დასმა არასწორია.

თავად სოსო ჯაჭვლიანმა, რომელიც გუშინ ფრაქციის დახურულ სხდომას უძღვებოდა, განმარტებების გაკეთება არ ისურვა. 

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა, სადაც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე წარდგენილი ნინო გვენეტაძისთვის უნდა მოესმინათ, გუშინ ორჯერ ჩაიშალა. სხდომის ჩაშლის მიზეზი კომიტეტის სხდომაზე "ქართული ოცნების წევრების მიუსვლელობა და კვორუმის არარსებობა გახდა. 

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გუშინ, 12:00 საათისთვის იყო დანიშნული, მაგრამ საკომიტეტო მოსმენა კვორუმის გამო არ შედგა. კერძოდ, სხდომის გახსნისთვის საჭირო იყო სულ მცირე 8 დეპუტატი, თუმცა, 12:00 საათისთვის დანიშნულ სხდომაზე მხოლოდ 6 დეპუტატი მივიდა. ფრაქცია "ქართული ოცნებიდან" სხდომაში მონაწილეობის მისაღებად არ მივიდნენ კომიტეტის წევრები ზაქარია ქუცნაშვილი და კარლო კოპალიანი და ფრაქციამ არც მათი შემცვლელები წარადგინა. ამის შემდეგ კომიტეტის სხდომა 19:00 საათისთვის დაინიშნა, თუმცა დარბაზში, სადაც კომიტეტი უნდა შეკრებილიყო, მხოლოდ ვახტანგ ხმალაძე, შალვა შავგულიძე და გიგა ბუკია მივიდნენ. 

ამასთან, როგორც ცნობილია, თბილისში ჩატარებულ კომიტეტის სხდომებში საერთოდ არ მონაწილეობს "ნაციონალური მოძრაობა".