რაღაც ცეცხლი გაქრა ჩვენს მოქმედებებში, რასაც ევროპელი და ნატოელი პარტნიორებიც კარგად ამჩნევენ

რაღაც ცეცხლი გაქრა ჩვენს მოქმედებებში, რასაც ევროპელი და ნატოელი პარტნიორებიც კარგად ამჩნევენ

ორაზროვან განცხადებებს, განსაკუთრებით ხელისუფლების მხრიდან, არ უნდა ჰქონდეს ადგილი, - ამის შესახებ ფრაქცია თავისუფალი დემოკრატების წევრმა ვიქტორ დოლიძემ "პალიტრა ტვ"-ის ეთერში , მერაბ მეტრეველის გადაცემა "რეზიუმეში" სტუმრობისას განაცხადა.

მისი შეფასებით, ბოლო დღეებში მოსმენილი გზავნილები "სუფთა კაპიტულანტური შინაარსის იყო".

"ჩვენ მძაფრი ვიყავით და კიდევ უფრო მძაფრი ვიქნებით განცხადებებში, გამომდინარე იქიდან, როგორ იმოქმედებს ხელისუფლება. იმ განცხადების ფონზე, რომელიც ჩვენ ბოლო დღეებში აღმასრულებელი თუ საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან მოვისმინეთ, ვფიქრობ თქვენთვისაც, ჩვენთვისაც, ჩვეულებრივი მოქალაქეებისთვის, იბადება კითხვები, რომ რაღაც ორაზროვან განცხადებებს, განსაკუთრებით ხელისუფლების მხრიდან, არ უნდა ჰქონდეს ადგილი. რადგან რაღა უნდა მოხდეს მეტი?! რაღა უნდა დააშავოს რუსეთმა და რომელი სამხედრო პოლიტიკური ახალი კონიუნქტურა უნდა ჩამოაყალიბოს და შექმნას ევროპაში, რასაც ახლა უკრაინაში აკეთებს, რომ ჩვენი განცხადებები იყოს არაორაზროვანი, იყოს მკაფიო და მოსახლეობას გავაგებინოთ ზუსტად, რისი გაკეთება გვინდა. ამიტომ ჩვენ მაქსიმალურ პრევენციას მოვახდენთ მომავალშიც და იმ აღებულ ვალდებულებებზე ვიქნებით ძალიან მძაფრი, რომელიც "თავისუფალი დემოკრატების" ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში შესრულდა", - განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.

მისივე მოსაზრებით, ხელისუფლების მხრიდან პროაქტიური მოქმედებები არ კეთდება. "რაღაც ცეცხლი გაქრა და დაიკარგა ჩვენს მოქმედებებში", - აღნიშნა ვიქტორ დოლიძემ და დასძინა, რომ ამას ევროპელი და ნატოელი პარტნიორებიც კარგად ამჩნევენ და ეს პროცესზე დადებითად არ მოქმედებს.