მაია ფანჯიკიძე მურმან დუმბაძეს საზოგადოების შეცდომაში შეყვანაში ადანაშაულებს

მაია ფანჯიკიძე მურმან დუმბაძეს საზოგადოების შეცდომაში შეყვანაში ადანაშაულებს

საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილ მინისტრ მაია ფანჯიკიძის მოსაზრებით, მურმან დუმბაძის გუშინდელი განცხადება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება. ამის შესახებ "თავისუფალი დემოკრატების" "ფეისბუქის" გვერდზე მაია ფანჯიკიძის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

"მურმან დუმბაძის მიერ გაკეთებული განცხადება, თითქოს 2013 წლის თებერვალში, თურქეთში პრემიერ-მინისტრის ვიზიტის შემდეგ მეთქვას, რომ "აჭარლებიც ქართველები არიან", არის სრული სიცრუე და დუმბაძისთვის ჩვეული პროვოკაციული სტილით ადამიანების შეურაცხყოფის მორიგი მცდელობა.

თურქეთში ვიზიტის შემდეგ მე განცხადება გავაკეთე არსებულ ვითარებაზე, რაც გულისხმობდა იმას, რომ ბათუმში აზიზიეს მეჩეთი არ აშენდებოდა. თურქეთის ტერიტორიაზე არსებული ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების, იშხნისა და ოშკის რესტავრაციის საკითხი არ განიხილებოდა ნაცვალგების პრინციპით და პროცესში მონაწილეობას მიიღებდნენ ქართველი სპეციალისტები და თუ ბათუმში გამოიყოფოდა ადგილი, სადაც აშენდებოდა მეჩეთი, ეს მოხდებოდა ქართული ფულითა და ქართველი მუსლიმებისთვის.

შესაბამისად, მურმან დუმბაძის მიერ გუშინ, 22 თებერვალს "ტელეიმედის" ეთერში, გაკეთებული განცხადება ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, არის "თავისუფალი დემოკრატების" წინააღმდეგ აგორებული ბინძური კამპანიის ნაწილი და პირადად ჩემი დისკრედიტაციის უსუსური მცდელობა.

მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ნამდვილად არ ჩავთვლიდი მურმან დუმბაძის განცხადებას რეაგირების ღირსად, მაგრამ, გამომდინარე იქიდან, რომ საკითხი ეხება ჩემს უსაყვარლეს კუთხეს, აჭარას და მის მოსახლეობას, გადავწყვიტე გამეკეთებინა ეს განმარტება", - ნათქვამია მაია ფანჯიკიძის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.