ნინო გვენეტაძის საკითხზე კონსულტაციები გაგრძელდება

ნინო გვენეტაძის საკითხზე კონსულტაციები გაგრძელდება

საპარლამენტო ფრაქცია "ქართულ ოცნებას" უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე წარდგენილი კანდიდატურის მხარდაჭერის საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია .

როგორც უმრავლესობის ლიდერმა, დავით საგანელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ნინო გვენეტაძის მიმართ განწყობა ძირითადად პოზიტიურია, თუმცა ამ თემაზე კონსულტაციები გაგრძელდება. საგანელიძის განმარტებით, უმრავლესობაში არიან დეპუტატები, რომელთაც განსხვავებული მოსაზრება აქვთ. აქვე საგანელიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ გადაწყვეტილებების მიღებისას დეპუტატები თავისუფალი იქნებიან.

ფრაქციის სხდომაზე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის გარდა იმ ვაკანტურ პოსტებთან დაკავშირებითაც იმსჯელეს, რომელიც ოთხ საპარლამენტო კომიტეტში გაჩნდა. დავით საგანელიძის თქმით, კომიტეტის ახალ თავმჯდომარეებთან დაკავშირებით არც ერთ კონკრეტულ დეპუტატზე გადაწყვეტილება მიღებული არ არის და კონსულტაციები გაგრძელდება. საგანელიძის განმარტებით, უმრავლესობაში შემავალ ფრაქციებს სთხოვეს, წარმოადგინონ საკუთარი ვარიანტი თავმჯდომარეების შერჩევასთან დაკავშირებით.

ამ წუთებში პარლამენტში უმრავლესობის შეხვედრა მიმდინარეობს, რის შემდეგაც, საგანელიძის ცნობით, ფრაქცია "ქართული ოცნება" დაწყებულ შეხვედრას გააგრძელებს. ამასთან, იწყება იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა, სადაც ნინო გვენეტაძეს მოუსმენენ.