ნინო გვენეტაძე მზად არის ყველა საპარლამენტო ფრაქციასთან შეხვედრა გამართოს

ნინო გვენეტაძე მზად არის ყველა საპარლამენტო ფრაქციასთან შეხვედრა გამართოს

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატი, ნინო გვენეტაძე სურვილის შემთხვევაში მზად არის ყველა საპარლამენტო ფრაქციასთან, მათ შორის უმცირესობასთან გამართოს შეხვედრა და მათ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე მისი ხედვები და გეგმები გააცნოს, - ამის შესხებ ჟურნალისტებს გვენეტაძემ პარლამენტში განუცხადა, სადაც 19:00 საათისათვის დაგეგმილია იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა და კომიტეტის ფორმატში მისი მოსმენა.

ჟურნალისტებთან საუბრისას გვენეტაძემ განმარტა, რომ ის იყო შევარდნაძის პერიოდის მოსამართლე, მაგრამ აღნიშნულ დროს იყო მიუკერძოებელი, დამოუკიდებელი და ამ პრინციპით აპირებს საქმიანობის გაგრძელებას.

"ჩემი საპროგრამო გამოსვლა ორ მიმართულებას შეეხება – ერთი ეს არის უზენაეს სასამართლოში მიმდინარე რეფორმა და მისი გაგრძელება. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია იუსტიციის უმაღლესი საბჭო, რომელიც არის მოსამართლეთა დამოუკიდებლობის, მიუკერძოებლობის და მათი კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობის მნიშვნელოვანი ორგანო. იუსტიციის უმაღლეს საბჭოს უმნიშვნელოვანესი როლი ეკისრება მართლმსაჯულების სისტემის რეფორმირების საქმეში", - განუცხადა ჟურნალისტებს ნინო გვენეტაძემ.

მან პარლამენტში წერილობითი განმარტებები მიიტანა, სადაც ასახულია მისი პასუხები "60 წუთში" გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით.