"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებმა დიპკორპუსთან ლარის კურსთან დაკავშირებული პრობლემები განიხილეს

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრისას ლარის კურსთან დაკავშირებული პრობლემები განიხილეს.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ზურაბ ჯაფარიძემ განუცხადა, საუბარი შეეხო პარტიის მიერ შემუშავებულ 36 პუნქტიან გეგმას.

"ჩვენ განვიხილეთ ჩვენს მიერ შემუშავებული 36 პუნქტიანი გეგმა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ გეგმის ეკონომიკური ნაწილი ძალიან სწრაფად განხორციელდეს, რათა აღმოიფხვრას ეკონომიკური პრობლემები და ის პრობლემები, რაც ეროვნულ ვალუტას აქვს, აღარ გაგრძელდეს", - აღნიშნა ზურაბ ჯაფარიძემ.

პარტიის კიდევ ერთი წევრის, გიგა ბოკერიას განცხადებით კი, დღევანდელ შეხვედრაზე საუბარი შეეხო იმ მიზეზებს, რამაც საქართველოში ეკონომიკური კრიზისი გამოიწვია. "ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვან პარტნიორებთან განვიხილეთ ყველა ის თემა, რომელიც მწვავედ დგას ჩვენი ქვეყნის წინაშე. ეს შეეხება ეკონომიკურ კრიზისს, იმ გარემოებებს, რომლებმაც აქამდე მიგვიყვანა. ასევე ეს ეხება იმ მძიმე მომავლის პერსპექტივას, რომელიც მთავრობის მოქმედებიდან და გეგმის არქონიდან ჩანს. განვიხილეთ ასევე უსაფრთხოებისა და შიდა პოლიტიკის საკითხები", - აღნიშნა ბოკერიამ.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრებისა და დიპლომატიური კორპუსის, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა პარტიის ცენტრალურ ოფისში გაიმართა. შეხვედრა საათზე მეტხანს გაგრძელდა.