საქართველოს პრეზიდენტი იუნკერთა ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო

საქართველოს პრეზიდენტი იუნკერთა ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საქართველოს პარლამენტში კოჯორსა და ტაბახმელასთან დაღუპულ იუნკერთა ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.

პარლამენტის შიდა ეზოში, ხარების სახელობის სამლოცველოში იუნკერთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს პრეზიდენტთან ერთად  პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეები, პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, მთავრობის წევრები და დეპუტატები ესწრებოდნენ. 

გიორგი მარგველაშვილმა იუნკერთა ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალური დაფა გვირგვინით შეამკო და შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა:

„დღეს ჩვენ ვზეიმობთ სიძლიერეს ქართული სულისა, რომელმაც საუკუნეების განმავლობაში განამტკიცა და შეინარჩუნა ჩვენი ქვეყანა. კაცობრიობის ისტორია ომების ისტორიაა, სადაც ერთი ძალა მეორეს ჯობნის ან პირიქით, თუმცა არის ამ ისტორიის აღწერის სხვა ფორმა, როგორც ვაჟკაცობის და სამშობლოსთვის თავდადების ზეობისა. ამ თვალსაზრისით, შეიძლება წააგო ომი, მაგრამ მაინც გაიმარჯვო და მაინც დათრგუნო მტერი შენი თავდადებით, ვაჟკაცობითა და სულიერი ძალით. ჩვენ წავაგეთ ის ბრძოლები, რომლებმაც საქართველოს ხანმოკლე დამოუკიდებლობას ბოლო მოუღო, მაგრამ იუნკერთა გმირობამ ჩააგდო ფესვი, რომელმაც შემდეგ საქართველოს დამოუკიდებლობა მოუტანა. ფესვი, რომელიც ყოველთვის ღვივის, რომელიც ჩვენს სამშობლოს ყოველთვის აძლევს დამოუკიდებლობის, სიძლიერისა და მომავლისკენ გახედვის შესაძლებლობას. დღეს ჩვენ, დღევანდელი სახელმწიფოს წარმომადგენლები, ვუხდით მათ მადლობას, რადგან მათმა გმირობამ შესძინა ეროვნულ მოძრაობას გაუტეხელობა სულისა და ჩვენი ქვეყანა დღევანდელ დღემდე მოიყვანა. ამ გამარჯვებებს, რა თქმა უნდა, აქვს კიდევ მომავალი. საქართველო უნდა გამთლიანდეს, საქართველო უნდა იყოს ძლიერი, დამოუკიდებელი და საქართველოს ვერასდროს ვერავინ უნდა უკარნახოს, როგორ უნდა იცხოვრონ ქართველებმა თავის სამკვიდროში, რომელსაც მრავალი საუკუნეა იცავენ, ეფერებიან და უვლიან. დღეს ვიხსენებთ წარსულს, მაგრამ დღესვე გვიჩნდება მტკიცე ნება და ხედვა იმისა, რომ საქართველო იქნება მთლიანი, ძლიერი და სუვერენული. კიდევ ერთხელ ქედს ვიხრი მათი გმირობის წინაშე", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

1921 წლის 25 თებერვალს რუსი ოკუპანტების შემოსვლას ქართველები შეეწინააღმდეგნენ. კოჯორ-ტაბახმელასთან სამშობლოს თავისუფლებისთვის უთანასწორო ბრძოლაში არაერთი ქართველი მებრძოლი  და იუნკერი დაიღუპა.

რუსეთის წითელი არმიის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ 94 წელი გავიდა.