მარტო ეკონომიკური გუნდის გადადგომა საქმეს ვერ უშველის

მარტო ეკონომიკური გუნდის გადადგომა საქმეს ვერ უშველის

ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატების" წევრები დავით ონოფრიშვილი, ვიქტორ დოლიძე და გია ცაგარეიშვილი, რომლებმაც საპარლამენტო კომიტეტების თავმჯდომარის პოსტები დატოვეს, კომიტეტებში აქტიური მუშაობის გაგრძელებას გეგმავენ.

როგორც დავით ონოფრიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ისინი თანამდებობების გარეშე არანაკლებ აქტიურები იქნებიან.

მისივე თქმით, "თავისუფალი დემოკრატები" გადადგომის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით, კიდევ ერთხელ ამბობენ, რომ მათთვის თანამდებობები მთავარი არ არის.

"მე და ჩემი კოლეგები გავაგრძელებთ აქტიურ მუშაობას ჩვენივე კომიტეტებში. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი ჩემი ხელმძღვანელობით ამ ორი წლინახევრის მანძილზე, საკმაოდ აქტიური იყო. უამრავი საკანონმდებლო აქტი მივიღეთ. ჩემგან უამრავი ინიციატივა იყო გამოჩენილი. ეს გაგრძელდება- დავით ონოფრიშვილის ინიციატივები სხვადასხვა საკითხებზე საფინანსო-საბიუჯეტო სფეროში", - განაცხადა დავით ონოფრიშვილმა.

პრესკონფერენციაზე მედიის წარმომადგენლები ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური მდგომარობიდან გამომდინარე, ეკონომიკური გუნდის შესაძლო პასუხისმგებლობის საკითხითაც დაინტერესდნენ. ჟურნალისტის შეკითხვაზე, არის თუ არა ვალდებული ეკონომიკური გუნდი შექმნილ ვითარებაში თანამდებობიდან გადადგეს, ონოფრიშვილმა უპასუხა, რომ მარტო ეკონომიკური გუნდის გადადგომა საქმეს ვერ უშველის.

"მთელ რიგ საკითხებზე, რაც ინვესტიციებს, სავიზო რეჟიმს, მიწის კანონმდებლობის შეზღუდვას, სხვა შეზღუდვებს, მიგრაციას ეხებოდა, მარტო ეკონომიკური გუნდის პასუხისმგებლობას ვერ დავაყენებ. ეკონომიკური გუნდი, სხვა მინისტრები, პრემიერ-მინისტრი, დღეს არის ძალიან სუსტი მთავრობა, რომელიც ამ კრიზსს დროულად ვერ აღუდგა. მთავრობა მოქმედებს მხოლოდ ბოლო მომენტში, დაინახავს პრობლემას და წყვეტს იმ მომენტში. არანაირი ხედვა ბოლო სამი თვის მანძილზე ჩვენ არ დაგვინახავს. გეგმა ვერ დავინახეთ მაგიდაზე დადებული, გნებავთ ანტიკრიზისული დაარქვით, გნებავთ გაჯანსაღების, კონკრეტულ ღონისძიებათა გეგმა, კონკრეტულ კანონმდებლობაში ცვლილებების გეგმა. როცა პრობლემაა ქვეყანაში, იმისთვის ენდობა ხალხი მთავრობას, რომ მიიღოს სწრაფი და დროული გადაწყვეტილება. ჩვენ ამას ვერაფერს ვერ ვხედავთ. ერთი თვის წინ ლაპარაკი იყო, რომ ყველაფერი მშვენივრად არის. დღეს ეტყობა გრძობენ, რომ პრობლემები არის და რაღაც მეტი ადეკვატურობაა, მაგრამ ეს მოსახლეობისთვის არანაირი შვება არ არის. ის ტვირთი, რაც ლარის დევალვაციით იქნა განცდილი და მომავლის უპერსპექტივობა, დღეს ჩვენს მოსახლეობაში ძალიან ფართოდ არის", - აღნიშნა დავით ონოფრიშვილმა.

საპარლამენტო ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატების" წევრებმა კომიტეტების თავმჯდომარის პოსტები დატოვეს. ამის შესახებ ოფიცალური განცხადება პარტია "თავისუფალი დემოკრატების" ოფისში გაკეთდა.

თანამდებობები საკუთარი სურვილით დატოვეს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯომარე დავით ონოფრიშვილმა, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ დოლიძემ და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ცაგარეიშვილმა.

ამასთან, "თავისუფალი დემოკრატების" კიდევ ერთი წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე პარლამენტის ვიცე-სპიკერის პოსტიდან გასულ კვირაში გადააყენეს. ზურაბ აბაშიძე თანამდებობაზე უმრავლესობის მიერ იყო წარდგენილი. აბაშიძე ვიცე-სპიკერის პოსტზე გუბაზ სანიკიძემ შეცვალა.