სწორი პოლიტიკით, თანმიმდევრულობით და მიზანდასახულობით ქვეყანას აუცილებლად გავაერთიანებთ

სწორი პოლიტიკით, თანმიმდევრულობით და მიზანდასახულობით ქვეყანას აუცილებლად გავაერთიანებთ

ჩვენ წინაშე არის სირთულეები, მაგრამ მჯერა, რომ ყველანი ერთად მათ გადავლახავთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში განაცხადა, სადაც, ვიცე-სპიკერ მანანა კობახიძესა და პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან ერთად იუნკერების ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.

მთავრობის მეთაური დარწმუნებულია, რომ სწორი პოლიტიკით, მიზანდასახულობითა და პრაგმატულობით, საქართველო აუცილებლად გაერთიანდება.

"მე, ისევე როგორც ყველა ქართველი, ქედს ვიხდი იუნკერების ხსოვნის წინაშე, მათ სამაგალითო გმირობა აჩვენეს - თავი შესწირეს საქართველოს თავისუფლებას, ეს არის მართლაც მაგალითი იმის, თუ როგორ უნდა ვიცხოვროთ ჩვენ. იმაში, რომ საქართველო დღეს არის თავისუფალი და დამოუკიდებელი სახელმწიფო, გმირი იუნკერების დამსახურებაცაა, ვინაიდან ისინი გმირულად შეეწინააღმდეგნენ წითელ ოკუპანტებს. დღეს ჩვენი ქვეყანა ასევე დგას გამოწვევების წინაშე - არის სირთულეები, მაგრამ მე მჯერა, რომ ყველანი ერთად ამ სიძნელეებს გადავლახავთ და ჩვენი სწორი პოლიტიკით, თანმიმდევრულობით, პრაგმატული ხედვით და მიზანდასახულობით, ქვეყანას აუცილებლად გავაერთიანებთ", - აღნიშნა პრემიერ მინისტრმა.