"თავისუფალმა დემოკრატებმა" პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღეს

საპარლამენტო ფრაქცია "ქართული ოცნება" "რესპუბლიკელების" წარმომადგენლის ვახტანგ ხმალაძის განცხადებით, "თავისუფალი დემოკრატების" საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობებიდან გადაყენების სურვილი გარკვეულ ჯგუფებში არსებობდა, თუმცა ხმალაძის ინფორმაციით, მსგავსი გადაწყვეტილება უმრავლესობის მხრიდან მიღებული არ ყოფილა.

როგორც ხმალაძე ამბობს, "თავისუფალმა დემოკრატებმა" ამ შემთხვევაში პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღეს, რისი უფლებაც მათ ჰქონდათ.

"რასაკვირველია, როდესაც კომიტეტის თავმჯდომარე არის ოპოზიციის წარმომადგენელი, გარკვეული უხერხულობები შეიძლება წარმოიქმნას, მაგრამ ჯერჯერობით საკითხი კომიტეტის თავმჯდომარეების გადაყენების თაობაზე არ იდგა. ასეთი სურვილი გარკვეულ ჯგუფებში შესაძლოა იყო, მაგრამ მთლიანობაში უმრავლესობას ასეთი გადაწყვეტილება მიღებული არ ჰქონია", - აცხადებს ვახტანგ ხმალაძე.

დღეს თანამდებობები დატოვეს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით ონოფრიშვილმა, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ დოლიძემ და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ცაგარეიშვილმა.