თეა წულუკიანი ლონდონში სამართლის გლობალურ სამიტს დაესწრება

თეა წულუკიანი ლონდონში სამართლის გლობალურ სამიტს დაესწრება

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი პირველ მოადგილე ალექსანდრე ბარამიძესთან ერთად სამართლის გლობალურ სამიტს დაესწრება, რომელიც ლონდონში იმართება.

როგორც "ინტერპრესნიუსს" იუსტიციის სამინისტროდან აცნობეს, ღონისძიებაში აშშ-ის, ევროპის, სამხრეთ ამერიკის ქვეყნების წამყვანი იურისტები − იუსტიციის მინისტრები, სასამართლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, ადვოკატთა და იურისტთა ასოციაციების, საარბიტრაჟო სასამართლოს, პროკურატურის წარმომადგენლები მონაწილეობენ.

მათივე ინფორმაციით, სამართლის გლობალური სამიტი ხელისუფლებისა და ბიზნესის თანამშრომლობის საუკეთესო საშუალებაა, რომელზეც პოლიტიკოსები და ბიზნესმენები ბიზნესისა და კანონის ურთიერთმიმართების საკითხებზე მსჯელობენ.

დისკუსია თემატურ სესიებზე გაიმართება, რომლებიც ბიზნესისათვის მნიშვნელოვან სხვადასხვა საკითხს ეხება. სამიტის თემატიკა მრავალფეროვანია: სავაჭრო და საინვესტიციო ბაზრის სამართლებრივი მხარეები, კონკურენცია და სამართლებრივი დავა ბიზნესში, ეკონომიკური დანაშაულის სპეციფიკა და მასთან ბრძოლის მექანიზმები, სწრაფი მართლმსაჯულების როლი და მნიშვნელობა ბიზნესისათვის, კანონის უზენაესობა ბიზნესში, საერთაშორისო ბიზნესდავები, ადამიანის უფლებებისა და საკუთრების უფლებების დაცულობის საკითხები, შრომითი უფლებები − დამსაქმებლები დასაქმებულთა შრომითი უფლებების დასაცავად, კონფიდენციალური ინფორმაციის ცნება ბიზნესში და სხვ.

სამიტი 23 თებერვალს დაიწყება და 26 თებერვლამდე გასტანს. ვიზიტის ფარგლებში იუსტიციის მინისტრი ბრიტანეთში შეხვედრას გამართავს ბრიტანეთის იუსტიციისა და სამოქალაქო თავისუფლების მინისტრ საიმონ ჰიუგსსა და სამართლის გლობალური სამიტის მონაწილე უცხოელ კოლეგებთან.