შრომის ინსპექცია ბიზნესს საფრთხეს არ შეუქმნის

შრომის ინსპექცია ბიზნესს საფრთხეს არ შეუქმნის

შრომის ინსპექცია ბიზნესს არანაირ საფრთხეს არ შეუქმნის, - ამის შესახებ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ შესაბამის კითხვაზე პასუხისას განუცხადა.

მინისტრის განმარტებით, შრომის ინსპექცია, ისევე, როგორც შრომის საკითხებთან მიძღვნილი ნებისმიერი თემა, აუცილებელია განხილული იყოს სამმხრივ ფორმატში, სამი მხარე კი მოიაზრებს სახელმწიფოს, პროფკავშირების და დამსაქმებლების ჩართულობას.

როგორც სერგეენკომ აღნიშნა, გამომდინარე იქედან, რომ ეს თვისობრივად ახალი ინსტრუმენტია ჩვენს ქვეყანაში, იყო ხანგრძლივი კონსულტაციები.

"შრომის ინსპექცია რომ დაინერგოს, ამისთვის საჭიროა შესაბამისი სპეციალისტების გადამზადება, რაც არ არის მოკლე პერიოდი და რამოდენიმე თვე სჭირდება. ასევე საჭიროა შესაბამისი საკანონმდებლო რეგულაციური ცვლილებების დახვეწა.

რაც შეეხება იმას, ყველა კმაყოფილი იქნება თუ არა შრომის ინსპექციის, მე ვფიქრობ, რომ მას შემდეგ, რაც დეტალურად გაეცნობიან შინაარსს, არანაირი კითხვა არ დარჩება და არანაირი საფრთხე არ შეექმნება ბიზნესს", - განაცხადა სერგეენკომ.

კითხვაზე, იგეგმება ხელშეკრულებების მონიტორინგიც და რატომ გახდა ეს აუცილებელი, დავით სერგეენკომ აღნიშნა, რომ ყველაზე მთავარი ამოცანა შრომის ინსპექციაში არის ტრეფიკინგი და მუშახელის უკანონო ექსპლუატაცია.

"ხელშეკრულებების გადახედვა არ მოხდება, მოხდება იმ პირობების გადახედვა, რომელიც პოტენციურად შეიძლება შეიცავდეს ტრეფიკინგის რისკს.

ეს არის საერთაშორისოდ მიღებული და მაქსიალურად რბილად გაწერილი, გარდამავალი პერიოდის მქონე დოკუმენტი, რომელიც საფრთხეს არ შეუქმნის ბიზნესს", - აღნიშნა დავით სერგეენკომ.