„იტალიელი, რომელსაც დე ფაქტო ლიდერები შეხვდნენ, არა დიპლომატი, არამედ ჩვეულებრივი მოქალაქეა“

„იტალიელი, რომელსაც დე ფაქტო ლიდერები შეხვდნენ, არა დიპლომატი, არამედ ჩვეულებრივი მოქალაქეა“

საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის განცხადებით, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დე ფაქტო ლიდერები იტალიაში დიპლომატებს შეხვდნენ, სიმართლეს არ შეესაბამება.

როგორც კერესელიძემ ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა, ვიტო გრატალი, რომელიც მოხსენიებული იყო, როგორც გამოცდილი დიპლომატი, ჩვეულებრივი იტალიელია. ის არის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე, რომელმაც შექმნა ე.წ საერთაშორისო დიპლომატის ობსერვატორია და მისი წევრი მხოლოდ თვითონ არის.

კერესელიძის თქმით, ვიტო გრატალი ცდილობს შევიდეს კონტაქტში ელჩებთან და მან მოახერხა, რომ ურთიერთობა დაამყარა სიერა ლეონესა და კოსოვოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელებთან, სხვები კი მას უბრალოდ არ პასუხობენ.

ამასთან, კერესელიძემ აღნიშნა, რომ კოსოვოს ელჩს ვიტო გრატალი ისე მოეწონა, რომ კოსოვოში წაიყვანა და საგარეო საკითხებში მრჩევლად დანიშნა.

„ამიტომ, აქ საქმე გვაქვს არასწორ შეფუთვასთან, რომლითაც სურთ წარმოაჩინონ, რომ ეს იყო დიპლომატიური შეხვედრები. ბუნებრივია, ეს ადამიანი ამბობს, რომ არის დიპლომატი, საუბრობს იტალიურად და ვისაც ესაუბრება, ყველას ჰგონია, რომ იტალიელი დიპლომატია“, - განაცხადა დავით კერესელიძემ.