მთავრობა სავალუტო ფონდისგან სესხის აღებას არ აპირებს

მთავრობა სავალუტო ფონდისგან სესხის აღებას არ აპირებს

სავალუტო ფონდისგან სესხის აღებას არ ვაპირებთ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა განუცხადა. მისივე განმარტებით, საუბარია სხვა დონორებისგან დამატებითი ფინანსების მოზიდვაზე.

"საქართველოში სავალუტო ფონდის მისიაა ჩამოსული. დღეს მისიის წარმომადგენლებს ჩემთან ექნებათ შეხვედრა. ისინი ასევე შეხვედრებს გამართავენ ეროვნულ ბანკსა და ეკონომიკის სამინისტროში. ეს არის სამუშაო შეხვედრები, რომლის დროსაც განვიხილავთ ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებს. სავალუტო ფონდისგან ჩვენ სესხის აღებას არ ვაპირებთ. წინა კვირას, ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა, რომ სავალუტო ფონდთან შეიძლებოდა ყოფილიყო კომუნიკაცია სხვა დონორებისგან სესხის აღების თაობაზე. ეს არის კონკრეტულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მიბმული თანხები და ეს არ არის თანხები, რომელიც წავა ბიუჯეტში. ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ მსოფლიო ბანკისგან, აზიის განვითარებს ბანკისგან, ევროპის რეკონსტრუქციისა და განითარების ბანკისგან მივიღონ დამატებითი ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის შესაძლო დაფინანსება", - აღნიშნა ხადურმა.

აღნიშნულთან დაკავშირებით მთავრობის სხდომის  შემდეგ  ომენტარი გააკეთა ვიცე-პრემიერმა და ეკონომიკის მინისტრმა,  გიორგი კვირიკაშვილმაც. მისი თქმით, გასულ კვირაში  გაკეთებული განცხადებისას სავალუტო ფონდისგან დამატებითი სესხის აღება არ უგულისხმია. ეკონომიკის მინისტრის განმარტებით, საუბარია სხვა ინსტიტუტებიდან დამატებითი ფინანსების მიძიებაზე.