ზაზა ურუშაძე - არ ვთვლი, რომ უსამართლობა მოხდა

ზაზა ურუშაძე - არ ვთვლი, რომ უსამართლობა მოხდა

მე არ ვთვლი, რომ უსამართლობა მოხდა, - ამის შესახებ "ოსკარზე" ნომინირებული ფილმ "მანდარინების" რეჟისორმა ზაზა ურუშაძემ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-თან სატელეფონო საუბრისას განაცხადა.
მისივე შეფასებით, მსოფლიოს ხუთეულში დასახელება ძალიან მნიშვნელოვანია.

"ერთადერთი ფილმი, რომელზეც იყო ფეხზე ამდგარი ოვაციები – იყო "მანდარინები". თან ეს ორჯერ მოხდა. რეაქციები ძალიან კარგი იყო. უბრალოდ, "იდაც" ძალიან კარგი ფილმია. მე არ ვთვლი, რომ უსამართლობა მოხდა. უკვე ის, რომ ჩვენ მსოფლიოს ხუთეულში ვიყავით დასახელებული, მე ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია. შემოთავაზებები არის. ჯერ ველოდებით დისტრიბუციას. ამერიკა დაახლოებით ორ თვეში დააყენებს ამერიკის კინოთეატრებში "მანდარინებს". ბევრ ქვეყანაში გაიყიდა", - განაცხადა ზაზა ურუშაძემ.

საკუთარ მოლოდინზე და ემოციებზე ისაუბრა მსახიობმა გიორგი ნაკაშიძემ.

"შინაგანად იმისთვისაც მზად ვიყავი და ამისთვისაც, მაგრამ იმდენად საინტერესო სიტუაციაში ვართ, იმდენად მაგარია ის, რომ ხუთეულშია ჩვენი ფილმი, ვერც წარმოიდგენთ ეს რა შეგრძნებაა. არც ვიცი, როგორ აგიხსნათ, აქ რომ ვართ, ჩვენთვის უსაყვარლეს ადამიანებთან ერთად", - აღნიშნა გიორგი ნაკაშიძემ.

ლოს-ანჯელესში, ამერიკის კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდოს, "ოსკარის" რიგით 87-ე დაჯილდოების ცერემონიაზე საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის ნომინაციაში პოლონურმა ფილმმა "იდა" გაიმარჯვა.
"მანდარინები" ესტონეთ-საქართველოს ერთობლივი ნამუშევარია. 

საუკეთესო უცხოურენოვან ფილმებს შორის, "მანდარინების" გარდა, "ოსკარზე" წარდგენილი იყვნენ - რუსული ფილმი "ლევიათანი", პოლონური "იდა", მავრიტანიული "ტიმბუქტუ" და არგენტინული "ველური ისტორიები".