დავით სერგეენკო - არც ერთი ჯანდაცვითი და სოციალური პროექტი არ შემცირდება

დავით სერგეენკო - არც ერთი ჯანდაცვითი და სოციალური პროექტი არ შემცირდება

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, არც ერთი ჯანდაცვითი და სოციალური პროექტი არ შემცირდება. ამის შესახებ დავით სერგეენკომ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, რითაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ვიცე პრემიერის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომ მთავრობა აპირებს ხარჯების 12%-ით შემცირებას. 

კითხვაზე, უშუალოდ სერგეენკოს უწყებაში რა სფეროებს შეეხება ეს შემცირება, დავით სერგეენკომ აღნიშნა, რომ  როგორც გიორგი კვირიკაშვილმა იმავე განცხადებას ცალსახად დაამატა,  ამ კვირის განმავლობაში გაიწერება მოქმედების გეგმა, რომელიც სახელმძღვანელო გახდება ყველა სამინისტროსთვის. რაც შეეხება უშუალოდ მის სამინისტროს, სერგეენკომ აღნიშნა, რომ არც ერთი ჯანდაცვითი და სოციალური პროექტი არ შემცირდება. 

"ამას ცალსახად ვადასტურებ, რაც შეეხება ხარჯების შემცირებას, ეს ეხება ადმინისტრაციულ ხარჯებს და როგორც მოგახსენეთ კვირის განმავლობაში უახლოეს დღეებში გაიწერება სამოქმედო გეგმა ყველა სამინისტროსადმი", - განაცხადა დავით სერგეენკომ და აქვე აღნიშნა, რომ მისი უწყებაც ამ გეგმის მიხედვით მოიქცევა.