ზურაბ ჯაფარიძესა და სერგო რატიანს მთავრობის სხდომაზე დასწრების უფლება არ მისცეს

ზურაბ ჯაფარიძესა და სერგო რატიანს მთავრობის სხდომაზე დასწრების უფლება არ მისცეს

"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებს - ზურაბ ჯაფარიძესა და სერგო რატიანს მთავრობის სხდომაზე დასწრების უფლება არ მისცეს. 

როგორც საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებს მთავრობის საპარლამენტო მდივანმა, შალვა თადუმაძემ განუმარტა, დეპუტატების მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე დასწრებას კანონი არ ითვალისწინებს. 

"მთავრობის საქმიანობის წესის შესახებ" კანონში გაწერილი არიან ის პირები, რომლებიც ესრწებიან მთავრობის სხდომას, მათ შორის არ შედის პარლამენტის წევრი. მობრძანდით, იყავით მთავრობის ადმინისტრაციაში, მაგრამ არა - სხდომაზე, ვინაიდან მასში მონაწილეობის უფლება ყველა თანამდებობის პირს არ აქვს", - მიმართა თადუმაძემ "ნაციონალური მოძრაობის" წევრ დეპუტატებს.
საპარლამენტო უმცირესობის წევრებმა მთავრობის საპარლამენტო მდივნის განმარტების შემდეგ აღნიშნეს, რომ მათ სხდომაში მონაწილეობა კი არა, სხდომაზე დასწრება სურდათ, რაზეც შალვა თადუმაძემ უპასუხა, რომ მთავრობის სხდომები დახურულ ფორმატში იმართება. 

"რაც შეეხება დასწრებას, მთავრობის სხდომა არის დახურული. თუ არ იქნა გადაწყვეტილება მიღებული, რომ მთავრობის სხდომა არის ღია, სხვა შემთხვევაში სხვა პირი ვერ ესწრება, გარდა კანონით გაწერილი პირებისა", - აღნიშნა თადუმაძემ.

"ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები ზურაბ ჯაფარიძე და სერგო რატიანი მთავრობის სხდომაზე დასწრებას ითხოვდნენ. ამ მიზნით საპარლამენტო უმცირესობის წევრები მთავრობის ადმინისტრაციაში მივიდნენ. 

"მთავრობის სხდომაზე ვართ მოსული. სურვილი გვაქვს, რომ მას დავესწროთ და მოვუსმინოთ, რა ნაბიჯების გადადგმას აპირებს მინისტრთა კაბინეტი, რომ ქვეყანა გამოიყვანოს ეკონომიკური კრიზისიდან. ჩვენ ასევე აქ მოვედით კონკრეტული გეგმით, რომელსაც, თუ საშუალება მოგვეცემა, მთავრობას გავაცნობთ", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" ზურაბ ჯაფარიძემ.