ხარკოვში მომხდარ ტერაქტთან დაკავშირებით, ქალაქში ანტიტერორისტული ოპერაცია დაიწყო. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ უკრაინის თავდაცვისა და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა ალექსანდრე ტურჩინოვმა განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, ანტიტერორისტული ოპერაციის ფარგლებში აფეთქებაში ეჭვმიტანილი 4 პირი დააკავეს, ამოღებულია იარაღი, მათ შორის ყუმბარმტყორცნი. "ანტიტერორისტული ოპერაცია გრძელდება", - განაცხადა ტურჩინოვმა და აქვე აღნიშნა, რომ მათ ხელთ არსებული ინფორმაციით, დაჯგუფების წევრებმა, რომლებმაც ტერაქტი ჩაიდინეს, სწავლება რუსეთის ქალაქ ბელგოროდში გაიარეს. ხარკოვში მომხდარი აფეთქების შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, დაშავებულია მსვლელობის 10-ზე მეტი მონაწილე. ხარკოვში ძლიერი აფეთქება მაშინ მოხდა, როცა კიევის "ღირსების მარშის" მხარდამჭერები კოლონას აწყობდნენ, რათა თავისუფლების მოედნისკენ დაძრულიყვნენ.