ავთანდილ ბერიძის აზრით, საქმე ვადამდელ არჩევნებამდე არ მივა

ავთანდილ ბერიძის აზრით, საქმე ვადამდელ არჩევნებამდე არ მივა

აჭარის უმაღლეს საბჭოში შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით, კოალიცია "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს დღევანდელ შეხვედრაზე კონკრეტული გადაწყვეტილებები არ მიუღია. პოლიტსაბჭოს წარმომადგენელთა უმრავლესობამ და აჭარის დეპუტატებმა "ქართული ოცნების" ცენტრალური ოფისი დატოვეს.

როგორც შეხვედრის მონაწილეებმა ჟურნალისტებს განუცხადეს, დღეს კონკრეტული გადაწყვეტილება მიღებული არ არის. უმაღლესი საბჭოს დეპუტატების განმარტებით, მათ პოლიტსაბჭოს მიაწოდეს ინფორმაცია აჭარის უმაღლეს საბჭოში განვითარებულ მოვლენებზე, გააცნეს საკუთარი ხედვები და პოზიცია, მოისმინეს პოლიტსაბჭოს მოსაზრებები.

"მოვილაპარაკეთ, რომ გაგრძელდება პოლიტსაბჭოსთან თანამშრომლობა. დაისახა რაღაც გეგმა, თუ როგორ ვიმოქმედებთ ხვალ, ზეგ, მაზეგ", - განუცხადა ჟურნალისტებს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ავთანდილ ბერიძემ, რომელიც დასახული გეგმის დაკონკრეტებისაგან თავს იკავებს. მან ამასთან დაკავშირებით, მხოლოდ ის აღნიშნა, რომ აჭარის უმაღლესი საბჭო იმოქმედებს კანონის, კონსტიტუციისა და საბჭოს რეგლამენტის ფარგლებში. ავთანდილ ბერიძის აზრით, საქმე ვადამდელ არჩევნებამდე არ მივა.

აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ, რომლის აზრით, აჭარაში ყველაფერი ისე იქნება, როგორც ეს რეგიონის ინტერესებში შედის. დეპუტატი აცხადებს, რომ ყოველგვარი დესტაბილიზაცია და პრობლემები უნდა გამოირიცხოს. "მდგომარეობა პიროვნულ და პირად ამბიციებს არ უნდა გადაყვეს. გადაწყვეტილებები სწორედ ამის გათვალისწინებით იქნება ჩვენს მიერ მიღებული", - აღნიშნა მანანა კობახიძემ.