დავით საგანელიძის განცხადებით, აჭარაში უმაღლესი საბჭოს ვადამდელი არჩევნების საკითხი არ დგას

დავით საგანელიძის განცხადებით, აჭარაში უმაღლესი საბჭოს ვადამდელი არჩევნების საკითხი არ დგას

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, დავით საგანელიძის განცხადებით, აჭარაში უმაღლესი საბჭოს ვადამდელი არჩევნების საკითხი არ დგას.

როგორც საგანელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, აჭარის უმაღლეს საბჭოში შექმნილი პოლიტიკური ვითარების შესახებ კოალიციამ "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს დღევანდელ სხდომაზე იმსჯელა.

"მკაცრი რეაგირება უნდა მოხდეს პარტიების ხაზით. უნდა ვნახოთ ჩვენი პარტიების წარმომადგენლები როგორ ართმევენ თავს დაკისრებულ მოვალეობას. ჩვენ ვცდილობთ მართვა იყოს მაქსიმალურად დემოკრატიული და ისევე როგორც პარლამენტის, უმაღლესი საბჭოს წევრებსაც ჰქონდეთ გადაწყვეტილების მიღების უფლება, თუმცა ეს არ უნდა სცილდებოდეს იმ პრინციპებს, რაც არის ზოგადად პარტიაში. ამიტომ სიმკაცრე იქნება პარტიაში და სიმკაცრე იქნება დისციპლინური", - განაცხადა საგანელიძემ.

შეკითხვაზე, რამდენად მოსალოდნელია მურმან დუმბაძის შემდეგ "ქართული ოცნებიდან" სხვა რომელიმე წევრის გარიცხვა, საგანელიძემ აღნიშნა, რომ დეტალების გავლამდე ეს საკითხი არ განიხილება.

რაც შეეხება იმას, რომ "ქართულმა ოცნებამ" უმაღლეს საბჭოში უმრავლესობა დაკარგა, საგანელიძის განმარტებით, ამაში პრობლემას ვერ ხედავს.

"ვერ ვხედავ დიდ პრობლემას იმაში, რომ "ქართული ოცნება"  უმრავლესობაში არ არის აჭარაში. მუშაობა ჩვეულებრივად გრძელდება. ეს არ ნიშნავს, რომ უნდა ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები. ჩვენ ამ მიმართულებით არანაირად არ წავალთ. შევეცდებით, რომ დავარეგულიროთ სიტუაცია. შევხედავთ, რა იყო მიზეზი, რომ იქ ასეთი დაპირისპირება მოხდა უმრავლესობის წევრებს შორის", - აღნიშნა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა.