სახელმწიფო მეწარმეებს თანადაფინანსებას სოფლის მეურნეობის სექტორში კიდევ ერთ პროექტთან დაკავშირებით სთავაზობს

სახელმწიფო მეწარმეებს თანადაფინანსებას სოფლის მეურნეობის სექტორში კიდევ ერთ პროექტთან დაკავშირებით სთავაზობს

სახელმწიფო მეწარმეებს თანადაფინანსებას სოფლის მეურნეობის სექტორში კიდევ ერთ პროექტთან დაკავშირებით სთავაზობს. ახალი პროექტის პრეზენტაცია, რომლის სახელწოდებაც არის "დანერგე მომავალი" სასტუმრო "რედისონში" მიმდინარეობს.

როგორც პროექტის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, აღნიშნული პროექტი სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებას შეუწყობს ხელს.

"დღეს ვიწყებთ კიდევ ერთ მნიშვნელოვან პროექტს სოფლის მეურნეობის მიმართულებით. ეს პროექტი მიზნად ისახავს ჩვენ ქვეყანაში სასოფლო-სამეურნეო მიწების მაქსიმალურად ათვისებას და მიზნობრივად გამოყენებას. პროექტი ითვალისწინებს 2 კომპონენტს: ერთი გახლავთ მრავალწლიანი კულტურების - ბაღების გაშენება, ხოლო მეორე - სანერგე მეურნეობების მოწყობა. სათანადო კრიტერიუმების და მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში სახელმწიფო თანადაფინანსების პრინციპით დაეხმარება მეწარმეებს ბაღების გაშენებისა და სანერგე მეურნეობის შექმნის ხარჯების დაფარვაში.

მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს იქნება კიდევ ერთი წარმატებული პროექტი, რომელიც ჩვენმა მთავრობამ ბოლო 2 წლის განმავლობაში განახორციელა სოფლის მეურნეობის მიმართულებით. ეს პროექტიც ასევე ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობის განვითარებას და საშუალებას მისცემს ჩვენს მეწარმეებს და ფერმერებს, აწარმოოს ისეთი ხარისხის პროდუქცია, რომელიც ადგილობრივ ბაზარზე თამამად გაუწევს კონკურენციას იმპორტირებულ პროდუქციას, ამასთან ერთად გაიზრდება ჩვენი ქვეყნის აგრარული პროდუქციის ექსპორტის პოტენციალი", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერის თქმით, აღნიშნული პროექტი ახალი საწარმოების შექმნას და შესაბამისად, დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას უზრუნველყოფს.

"მოგეხსენებათ, საქართველომ უკვე მოიპოვა გასასვლელი ევროპის 500 მილიონიან ბაზარზე და სულ უფრო მეტი შესაძლებლობა ჩნდება იმისთვის, რომ ხარისხიანმა ქართულმა პროდუქციამ საკუთარი ადგილი დაიმკვიდროს ევროპის ბაზარზეც. იმედი მაქვს, რომ ამ პროექტის განხორციელება ახალი საწარმოების შექმნას შეუწყობს ხელს. ყოველი ახალი საწარმოს გახსნა კი ახალ სამუშაო ადგილებს მოიტანს ქვეყანაში. ჩვენ იმაზევ ვიზრუნეთ, რომ ახალი პროექტის ბენეფიციარებმა მიიღონ კვალიფიციური დახმარება სახელმწიფოსგან. მათ ამ დახმარებას გაუწევს სამეცნიერო კვლევითი ცენტრი, რომელიც გასულ წელს მთავრობის ხელშეწყობით შევქმენით", - აღნიშნა პრემიერმა.